ნარკოპოლიტიკა

პარლამენტის მხარდაჭერილი კანონპროექტით მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ მოხდება

Getty Images

პარლამენტმა  "ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების" შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. კანონპროექტი პარლამენტმა 79 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.

კანონპროექტის მიხედვით, მცენარე კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ცალკეული დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, არ გამოიწვევს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას. თუმცა, დიდი რაოდენობის შემთხვევაში, ბრალდებულს, შესაძლოა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ცვლილების მიზანი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაა, თუმცა, მარიხუანის დეკრიმინალიზება არ ხდება და არც სხვა ნარკოტიკების მიმართ მსუბუქდება კანონმდებლობა.

კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკულ საშუალებაზე - მცენარე კანაფი, მარიხუანა - არ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მოქმედება და მისი მოწესრიგება მოხდება 2731 მუხლით.

კომენტარები