ე.წ. მოსმენების კანონი

სპეციალურმა კომისიამ მოსმენების სააგენტოს უფროსი აირჩია

Reuters

სუს-ის დაქვემდებარების ქვეშ არსებულ "მოსმენების სააგენტოს" ანუ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს კობა კობიძე უხელმძღვანელებს. კობიძე დღეს სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ აარჩია.

სპეციალურ კომისიას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე.

კომისიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარსადგენი სამი კანდიდატურა: სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კობახიძე, სუს-ის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილე კობა კობიძე და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ლევან როსტომაშვილი.

სამივე კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ, ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად, სპეციალურმა კომისიამ კობა კობიძის კანდიდატურა აირჩია. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატს, კანონის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დანიშნავს.

როგორ მუშაობს სახელმწიფო მოსმენების სისტემა:

2017 წლის 31 მარტამდე მოქმედი კანონის მიხედვით, ფარული მიყურადება სუს-ის მატერიალურ-ტექნიკური დეპარტმანეტის საშუალებით ხდებოდა. კონკრეტული პირის მოსმენით დაინტერესებული ესა თუ ის უწყებები სწორედ მას მიმართავდნენ მოსამართლის ბრძანებით ან გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ დოკუმენტაციით მოსმენის დაწყების განცხადებებით. ამის საფუძველზე, დეპარტამენტი იღებდა გადაწყვეტილებას დაეწყო კონკრეტული პირის ფარული მიყურადება.

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეს ფუნქციები გადავიდა საჯარო სამართლის იურიდულ პირს (სსიპ), ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში, რომელიც სუს-ის დაქვემდებარებული სსიპ-ია.

ფარული მიყურადება ორგვარია, კონტრდაზვერვითი და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. ახალი კანონის მიხედვით, კონტრდაზვერვითი მიზნებისთვის ფარული მიყურადების, ე.წ. ელექტრონული თვალთვალის განხორციელებისას გათვალისწინებულია კონტროლის ელექტრონული სისტემა. შემოდის ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს და ზედამხედველობას გაუწევს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების აღსრულებას.

კანონის მიხედვით, სააგენტოს აქვს უფლება, ჰქონდეს წვდომა მობილური ოპერატორების (იგივე ავტორიზებული პირების) ინფრასტუქტურასთან. გარდა ამისა, ახალი სსიპ-ი მოთხოვნებსა და ვალდებულებებს უწესებს მათ და აკონტროლებს შესრულებას. შეუსრულებლობის შემთხვევაში, ავტორიზებული პირები დაჯარიმდებიან.

კომენტარები