თავისუფლების აქტი

კობახიძე: თავისუფლების აქტს 12 წლის მანძილზე შევინარჩუნებთ, შემდეგ მას შევცვლით

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, "ეკონომიკური თავისუფლების აქტი", ანუ კონსტიტუციის 94-ე მუხლი ქვეყანაში მომდევნო 12 წლის მანძილზე შენარჩუნდება. კობახიძის თქმით, ამ 12-წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მთავრობასა და პარლამენტს მისი შეცვლა შეეძლება.

"რაც შეეხება 94-ე მუხლს, ანუ მუხლს, რომლითად გადასახადების ზრდას სჭირდება რეფერენდუმი აქ განიხილება ასევე გარდამავლ დებულებებში დათქმის ჩადების საკითხი. ჩვენ ვფიქრობთ, 12-წლიანი დათქმის გაწერაზე კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში. მანამდე იმოქმედებს ეს რეგულაცია, რომლის თანახმადაც პარლამენტს და მთავრობას ეზღუდება საგადასახადო ცვლილებების განხორციელება და 12-წლიანი დათქმის ამოწურვის შემდეგ უკვე შესაძლებელია ჩვენ გადავიდეთ განსხვავებულ წესზე", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

რამდენიმე დღის წინ უმსხვილესმა ბიზნესასოციაციებმა მთავრობასა და პარლამენტს თავისუფლების აქტის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს. ბიზნესის შეფასებით, ამ მუხლის ამოღების შემთხვევაში საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობას დაკარგავს, რასაც ინვესტიციებს შემცირება მოჰყვება. 

" მნიშვნელოვანია საქართველოში უნიკალურად მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შენარჩუნება და განმტკიცება. აღნიშნული ჩანაწერი საკონსტიტუციო დონეზე უზრუნველყოფს ფისკალური პოლიტიკის სტაბილურობასა და განჭვრეტადობას, რითაც მიმზიდველს ხდის საქართველოს უცხოური ინვესტიციებისთვის, ასევე, ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას. მისი შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა დიდწილად განპირობებულია უცხოური ინვესტიციებითა და ადგილობრივი მეწარმეების საინვესტიციო აქტივობით", - წერია ბიზნესის საერთო განცხადებაში.

რა არის თავისუფლების აქტი და რა უფლებას ანიჭებს ის მოსახლეობას:

2010 წელს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებული გადასახადების განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი. ამ პროცესის უფრო დეტალური გაწერისთვის შეიქმნა ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში მოსახლეობის თანხმობის გარეშე მთავრობა გადასახადებს არ გაზრდის. აღნიშნული ჩანაწერი ძალაში 2013 წელს, გიორგი მარგველაშვილის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა. ამ მომენტიდან კონსტიტუციამ მოსახლეობას მიენიჭა ახალი უფლება, რომლითაც მათ შეუძლიათ განსაზღვრონ დაუჭირონ თუ არა მხარი გადასახადების ზრდას.

ორგანული კანონი მთავრობას ასევე ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ გადააჭარბოს 60%-ს; ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მუხლი გაუქმდება იქმნება იმის საფრხე, რომ ქვეყანაში გაიზარდოს საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი, ბიზნესისა და მოსახლეობისთვის გაიზარდოს გადასახადების დონე, რასაც თავისმხრივ ეკონომიკური ზრდის შენელება მოჰყვეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: საერთაშორისო ოლიმპიადაზე კიდევ 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ

კომენტარები