Tbilisi Open Air 2017

SOFT EJECT-ის დაბრუნება და ARCHIVE-ის AGAIN - TBILISI OPEN AIR 2017 დასრულდა

Archive on Tbilisi Open Air 2017
Facebook/ Tbilisi Open Air/Alter Vision

16 ივნისს Lisi Wonderland-ზე ყოველწლიური ფესტივალი Tbilisi Open Air 2017 გაიხსნა, რომელიც 3 დღის განმავლობაში ზრუნავდა მელომანების განწყობაზე. 

წლევანდელი ფესტივალის მთავარი ჰედლაინერები ბრიტანული როკ-ბენდი Anathema, უცენზურო ტექსტებით გამორჩეული რუსული ბენდი "ლენინგრადი", აგრეთვე ცნობილი, როგორც "დაჯგუფება ლენინგრადი" და ყველაზე მთავარი, ფესტივალის მესამე დღე Archive-ის გრანდიოზული დახურვით დასრულდა. ბრიტანული Trip Hop ბენდი ქართველი მსმენელის წინაშე წელს მეორედ წარსდგა. 

ჰედლაინერების გარდა, ფესტივალის ერთერთი გამორჩეული მონაწილე ირანული წარმოშობის ჰოლანდიელი მომღერალი ქალი Sevdaliza იყო, რომელმაც სულ მცირე ხანში მოახერხა მსმენელის გულის მოგება. ექსტრავაგანტულ კაბაში გამოწყობილი Sevdaliza თითქმის ყველა სიმღერის შემდეგ ქართველ მსმენელს გულთბილ მადლობას უხდიდა, თუმცა აღნიშნა, რომ ირანელი გულშემატკივრების ყოფნით განსაკუთრებულად გახარებული იყო. 



Sevdaliza-ს შემდეგ სცენა 16 ივნისის მთავარმა ჰედლაინერმა, Anathema-მ დაიკავა, რომელმაც კარგად ცნობილ და საყვარელ სიმღერებთან ერთად, რამდენიმე სინგლი ახალი ალბომიდან The Optimist-იდან შეასრულა. 



მეორე დღე განსაკუთრებულად გამორჩეული იყო ქართული ბენდების სიმრავლით. 17 ივნისი ქართულმა როკ-ჯგუფმა "არამ" გახსნა, სადაც მთავარი სოლისტი ზურა ჯავახია ბიბლიური ღმერთის, იესოს, ფორმაში იყო გამოწყობილი. მოგვიანებით, ერთმა კაცმა მითხრა ფესტივალიდან, დღეს იესო დავინახე, არაყს სვამდა და მას შემდეგ, თავს კარგად ვერ ვგრძნობო.



"არას" შემდეგ სცენაზე EKO & Vinda Folio გამოვიდნენ, რომლებმაც თავიანთი გამოსვლა ცნობილი საპროტესტო მუსიკით "აგურით ხელში" დაიწყეს და ასეთივე მუსიკით "რაც მამას უნდა" დაასრულეს. მსმენელების თხოვნის მიუხედავად, ისინი ბისზე არ გამოვიდნენ და მიზეზად დროის სიმცირე დაასახელეს. 



საპროტესტო მუსიკის შემდეგ სცენაზე კიდევ ერთი ქართული ბენდი Loudspeakers-ი ავიდა, რომლებმაც რომანტიკული და მშვიდი მუსიკა შესთავაზა თავის ახალგაზრდა მსმენელს.

Loudspeakers-ის შემდეგ კი, ფესტივალის მთავარ სცენაზე ობიექტურად ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მსმენელის წინაშე ცნობილი ქართული ბენდი Soft Eject-ი წარსდგა, რომლებმაც ყველა ცნობილი და ყველასთვის საყვარელი სიმღერები შეასრულეს. პეჩომ მსმენელს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ ჯერ კიდევ ახსოვთ ძველი ჯგუფის სიმღერებიც და მათი ტექსტებიც. Soft Eject-მა გამოსვლა ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე პოპულარული სიმღერით Please Just Carry On-ით დაასრულა, რასაც მსმენელის მხრიდან დიდი ოვაცია მოყვა. 



ძველი ქართული ბენდის ნაზი ჰანგების შემდეგ, სცენაზე ნამდვილი ცეცხლი რუსულმა ჯგუფმა "ლენინგრადმა" დააყენა. "დაჯგუფება ლენინგრადმა", როგორც საკუთარ თავს ეძახიან, უცენზურო ტექსტებისა და კარგი იუმორის საშუალებით მსმენელი მარტივად აიყოლია და ააცეკვა. 



ფესტივალის მეორე დღე, ასევე, დახუნძლული იყო ქართული ბენდებით - The Black Marrows, Kung Fu Junkie მოყვა, მას კი Young Georgian Lolitaz-ი. 

17 ივნისს Kung Fu Junkie-ის ერთერთი წევრისა და დამფუძნებლის, თაზო ლიპარტელიანის იგივე "გრინჩის" გარდაცვალებიდან ზუსტად 1 წელი გავიდა. ჯგუფი მსმენელის წინაშე "Flowerz in my Brain"-ით წარდგა, მათ უკან ეკრანზე კი გრინჩის ფოტოს დაინახავდით. 

ქართული ბენდების შემდეგ, წლევანდელი ფესტივალის მთავარი მოვლენა - Archive ქართველი მსმენელის წინაშე მეორედ წარდგა. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე ლაივის განმავლობაში ჯგუფს სეთ-ლისტი არ შეუცვლია, ობიექტურად იყო იმის მოლოდინი, რომ სიმღერებს მხოლოდ ახალი ალბომიდან შეასრულებდნენ. თუმცა, Archive-მა მსმენელი თავისი ძველი სიმღერებით გაანებივრა, ჯერ Controlling Crowds შეასრულა, შემდეგ Fuck You, რომელსაც მთელი ფესტივალი ჯგუფთან ერთად მღეროდა; Fuck You-ს არანაკლებ საყვარელი You Make Me Feel მოყვა. როცა მსმენელმა საბოლოო ოვაციით გააცილა ჯგუფი და ხალხმა ნელნელა დაშლა დაიწყო, ჯგუფის წევრები უკან შემობრუნდნენ და ხალხს მიმართეს:

"დიდი ხანია ეს სიმღერა არსად შეგვისრულებია, მაგრამ თქვენთვის შევასრულებთ,"- და ყველასთვის მოულოდნელად ფესტივალზე Again-ის აკუსტიკური ვერსია დაიწყო. ასე გრანდიოზულად მორჩა ბრიტანული ჯგუფის რიგით მეორე ვიზიტი საქართველოში.



ყველაფერი ზემოთ აღწერილის გათვალისწინებით, თავისუფლად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ Tbilisi Open Air 2017 სახელმწიფოს მხრიდან დიდი კონკურენციის მიუხედავად, მაინც შედგა.

კომენტარები