ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები

ზაალ უდუმაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა და პოლიტიკაში მიდის

rustavi2.ge

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და 9 საათიანი კურიერის წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა.

25 წლიანი სატელევიზიო კარიერის შემდეგ მან კურიერი დღეს ბოლოჯერ წაიყვანა და მაყურებელს პოლიტიკაში წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააცნო.

"ეს არის ჩემი ბოლო მამართვა მაყურებლისადმი, როგორც კურიერის წამყვანის. დღეს მე 25 წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას უკვე არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ. ჩვენ, ამიერიდან, სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგყვყოფს. მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი მთელი ამ წლების განმავლობაში, მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა ახლა ვთლვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს. ბრძოლის გამოცდილება კი მაქვს. გავიარე ძალიან საინტერესო წლები, როგორც ჟურნალისტმა და ამავე დროს შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება, თუ როგორ უნდა ებრძოლო უსამართლობას. მე რუსთავი 2-ის გუნდთან და თქვენთან ერთად ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან სრულიად უთანასწორო ბრძოლაში. თუმცა ქვეყანას ჯერ მთავარი ბრძოლა წინ აქვს და მე ვაპირებ თქვენთან ერთად და თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გავიმარჯვო და ამჯერად, თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი. ბოლოს მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა "რუსთავი 2-ელს" იმ წლებისთვის, რომელიც მე აქ გავატარე და დარწმუნებული ვარ ეს ტელევიზია კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რადგან აქ ყველაზე მებრძოლი და რაც მთავარია პროფესიონალი გუნდი მუშაობს და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა თქვენ, მაყურებელს, რომლის თანადგომასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი. მე თქვენთვის ვმუშაობდი როგორც ჟურნალისტი და თქვენს სამსახურში ვიქნები მომავალშიც პოლიტიკაში," - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, თითქმის 2 კვირის წინ, ზაალ უდუმაშვილმა დაადასტურა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის თბილისის მერის არჩევნებზე პარტიის სახელით, საკუთარი კანდიდატურა დააყენოს.

კომენტარები