საკონსტიტუციო მონარქია

პრემიერი: პატრიარქის განცხადება ძალიან საინტერესოა, ამაზე მსჯელობა დადებითი იქნება

Rustavi 2

საქართველოს პრემიერის შეფასებით, "პატრიარქის განცხადება კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, არის საკმაოდ საინტერესო და ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ამაზე მსჯელობა ძალიან დადებითი იქნება". გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასეთი საკითხი მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა გადაწყდეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ "ნაჩქარევი ნაბიჯები არ გვმართებს". გიორგი კვირიკაშვილის თქმითვე, ოპოზიციამ, ძირითადად, "პატრიარქის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება" არასწორად დაუკავშირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს.

„არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, ჩვენ რა თქმა უნდა პატრიარქის უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია და მინდა, მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე. რა თქმა უნდა, ეს საკითხი, როგორც პატრიარქმაც ბრძანა, არ არის არც დღეის და არც ხვალის. ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა დასჭირდეს ათწლეული, უფრო მეტი ან - ნაკლები. ამაზე დღეს მსჯელობა არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს განცხადება არის საკმაოდ საინტერესო, ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით ამაზე მსჯელობა რომ შედგეს, იქნება ძალიან დადებითი“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა და აღნიშნა, რომ "პირადად ჩემი აზრით, ძალიან საინტერესოა ეს წინადადება, უამრავი დადებითი მხარე გააჩნია, მაგრამ ეს არ უკავშირდება საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს".

პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას თქვა, რომ საკონსტიტუციო მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს.

კომენტარები