სამოხელეო დანაშაული

სუს-მა 4 საჯარო მოხელე და კერძო კომპანიების ხელმძღვანელები დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დააკავეს: თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე მამული მ, თიანეთის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მალხაზ მ,  ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ბადრი ჯ. და ნაქალაქარის ადმინისტრაციულ ერთეულში - ლია დ, შპს "ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოშის" დირექტორი მალხაზ ლ. და შპს "რაზას" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მამული მ-მ, მალხაზ მ-მ, ბადრი ჯ-მ და ლია დ-მ ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მიუხედავად იმისა, რომ შპს "ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში"-მ და შპს "რაზამ" სრულად არ შეასრულეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, ხელი მოაწერეს საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებს (ე.წ. ფორმა#2), რითაც დაადასტურეს, თითქოსდა სამუშაოები სრულყოფილად იყო შესრულებული. ამასთან, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობის პერიოდში, მამული მ-მ ხელი მოაწერა საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს, რის საფუძველზეც მოხდა კონტრაქტორი კომპანიებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვა", - ნათქვამია განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადარიცხულ თანხებს შორის სხვაობამ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად 123 240 ლარი შეადგინა.

"თავის მხრივ, შპს "ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“-ს დირექტორი მალხაზ ლ. და შპს "რაზას" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩ. სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს წინასწარი შეთანხმებით, თაღლითურად დაეუფლნენ", - წერია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე  მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან 9 წლამდე ვადით).

კომენტარები