პროკურატურამ მამაკაცს, რომელმაც ძაღლი წამებით მოკლა, ბრალი წარუდგინა

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ მამაკაცს, რომელმაც ძაღლი აწამა, ბრალი წარუდგინა. გამოძიება ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 16 ივნისს რუსთავში, ბერიტაშვილის ქ. N6-ის ეზოში, ს.ზ.-მ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ლურსმნიანი ჯოხი. უწყების ცნობითვე, "ცხოველის მიმართ სასტიკმა მოპყრობამ ძაღლის სიკვდილი გამოიწვია".

პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება მოითხოვა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე. 

კომენტარები