გიორგი მამალაძის საქმე

მამალაძის ძმა: ილია II-ს პასუხის გაცემა უნდოდა, თუმცა მამა დავითმა გააწყვეტინა

მარცხნიდან: მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქი ილია მეორე. უკან: დეკანოზი გიორგი მამალაძე
თეონა თურმანიძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა პატრიარქს დეკანოზის ზიარება სთხოვეს. მამალაძის თქმით, ილია მეორეს მისთვის პასუხის გაცემა უნდოდა, თუმცა „მამა დავით ჭინჭარაულმა გააწყვეტინა“.

თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქთან შეხვედრას ესწრებოდნენ მამა დავით ჭინჭარაული, მეუფე თეოდორე, მეუფე იაკობი და მეუფე ანდრია. მამალაძის თქმით, ისინი ოჯახის წევრებს და პატრიარქს საუბარს აწყვეტინებდნენ.

”მოვითხოვეთ მამა გიორგის ზიარება, რაზეც პატრიარქს სურდა რაღაცის თქმა, მაგრამ მამა დავით ჭინჭარაულმა გააწყვეტინა და თქვა, რომ მე და მამა კახაბერმა უნდა ვაზიაროთო. თითქოს, ხვალ უნდა შევიდნენ თუ რაღაც მსგავსი. უწმიდესი ჩუმად იყო, რადგან ის ამ ყველაფერზე არ ფლობდა ინფორმაციას. დღეის შემდეგ მე კვლავ მრჩება განცდა, რომ უწმიდესს სრული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მან დააფიქსირა მხარდაჭერა გიორგი მამალაძისადმი”, - თქვა თორნიკე მამალაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.

ამასთან, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულის ინფორმაციით, სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძის საზიარებლად ციხეში შესაძლოა, მომავალი კვირის სამშაბათს, 27 ივნისს შევიდნენ.

„სავარაუდოდ, ორშაბათს მომზადდება საბუთები ციხეში შესასვლელად და სამშაბათს შევალთ მე და მამა კახაბერ გოგოტიშვილი მამა გიორგის სანახავად“, - თქვა არქიმანდრიტმა და აღნიშნა, რომ ბრალდებული დეკანოზის მონახულების დავალება მას და მამა კახაბერს პატრიარქმა მისცა.

კომენტარები