გიორგი მამალაძის საქმე

დეკანოზის ძმა: პატრიარქმა გვითხრა, რომ მამა გიორგი არის მართალი და მას ენდობა

მარცხნიდან: მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქი ილია მეორე. უკან: დეკანოზი გიორგი მამალაძე
თეონა თურმანიძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, პატრიარქმა შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ "მამა გიორგი არის მართალი, უბრალოდ, ეს ყველაფერი ეკლესიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული". თორნიკე მამალაძის თქმით, მან ილია მეორეს ჰკითხა - ვინ ცდილობს ეკლესიის დისკრედიტაციას, თუმცა, მეუფე დავით ჯინჭარაულმა შეაწყვეტინა. დეკანოზის ძმა აღნიშნავს, რომ შეხვედრა იწერებოდა.

"უკან არწივივით მედგა მამა დავით ჯინჭარაული და ხელს მადებდა, ოდნავ, ვითომ მეგობრულად მიჭერდა, როცა მძიმე თემებს ვეხებოდი, ცდილობდა, ჩემი საუბარი შეეწყვიტა და მას ესაუბრა. მერე უწმიდესს ვუთხარი - მე თქვენთან მოვედი და არა მამაოებთან პოლემიკის გასამართად - მეთქი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რისთვისაც შევედით - გვაინტერესებდა პატრიარქის პოზიცია. მან დაგვიფიქსირა, რომ "მამა გიორგის ვენდობი და ეს ყველაფერი ასოცირდება არა დანაშაულთან, არამედ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისკენ". მან თქვა, რომ "მამაოს ცუდი საქმე არასდროს გამიგია და არც ამ საქმის მჯერა, მინდა, სიმართლე დამტკიცდეს - ვინ დგას ამ ყველაფრის უკანო".

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საქართველოს პატრიარქს ცოტა ხნის წინ შეხვდნენ. ისინი კათალიკოსთან შეხვედრას, უკვე თვეებია, რაც ითხოვენ. მათ ილია მეორეს ბრალდებული დეკანოზის ზიარება სთხოვეს. თორნიკე მამალაძის თქმით, ამაზე, პატრიარქს პასუხის გაცემა სურდა, თუმცა, მეუფე დავით ჯინჭარაულმა შეაწყვეტინა. ამასთან, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულის ინფორმაციით, სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძის საზიარებლად ციხეში შესაძლოა, 27 ივნისს შევიდნენ.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

კომენტარები