საგარეო ვაჭრობა

საქართველომ ევროკავშირის ბაზარზე თევზის ექსპორტის უფლება მიიღო

Reuters

ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროპის ბაზარზე შესაძლებელია შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა. აღნიშნული ცვლილება სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ბრიფინგზე წარადგინეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ევროკავშირის აღნიშნული გადაწყვეტილება არის საქართველოს მხრიდან გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოების შედეგი რომელიც საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მთლიანი სისტემის აღიარებას უკავშირდება.

"დღეისათვის, 30 მილიონ დოლარამდე ღირებულების პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება თურქეთში, რომელიც, ფაქტობრივად, ერთადერთი საექსპორტო ბაზარი იყო ქართული თევზისთვის. დღეიდან ქართულ პროდუქტს შესაძლებლობა ექნება 500 მილიონიან, უფრო მაღალ მსყიდველობითუნარიან ევროპულ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი. ეს იმას ნიშნავს, რომ სექტორში გაჩნდება მეტი შესაძლებლობები, რაც იქნება სტიმული საქართველოში თევზჭერის და მთლიანად ინდუსტრიის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„მოხარული ვარ რომ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვიმყოფები. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვანი მიღწევები უკვე არსებებოს. ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებით აუცილებლად გაიზრდება. დღეს განვაცხადეთ ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც თევზის ექსპორტი შესაძლებელი გახდება ევროკავშირის ბაზარზე. საქართველოს ამ მიმართულებით კარგი პოტენციალი აქვს. აღნიშნული გადაწყვეტილება დაეხმარება ქართულ თევზს უფრო პოპულარული გახდეს სხვა ბაზარზეც. მომავალში ველით თანამშრომლობის გაგრძელებას. მოლაპარაკებები მიმდინარეობას სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანუშ ჰერმანმა.

ევროკავშორის ბაზარზე გასვლის შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს საქართველოს მხრიდან ევროკომისიისთვის აღიარებული ბიზნესოპერატორების სიის წარდგენას, რის შემდეგაც აღნიშნული ბიზნესოპერატორები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების ექსპორტის განხორციელებას.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს თევზის ექსპორტის უდიდესი ნაწილი არა თავად თევზზე, არამედ თევზის გადამუშავებით მიღებულ პროდუქტებზე მოდის.

თევზის პროდუქტების ექსპორტი იანვარ-მაისში:

  • ფქვილი ან გრანულები თევზის ან ხორცისგან - $7 მილიონი
  • ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრის - $5 მილიონი
  • გაყინული თევზი - $0.6 მილიონი
  • ახალი თევზი - $0.1 მილიონი

კომენტარები