საზოგადოებრივი მაუწყებელი

ირაკლი ტაბლიაშვილი ვასილ მაღლაფერიძესა და ია ანთაძეს ღია წერილით მიმართავს

0 კომენტარი

ვასიკო, ია...
ამთავითვე აღვნიშნავ - ჩვენ წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ და ეს მავალდებულებს, ავწონ-დავწონო ყველა სიტყვა, გამადიდებელი შუშით დავაკვირდე ჩემს ყველა აზრს, კრიტიკის ყველა პასაჟს (რასაკვირველია, ისედაც არ ვაპირებდი ეთიკის ნორმების დარღვევას). 

თქვენ (და მაუწყებლის სხვა ხელმძღვანელები) ახალ კონტრაქტებს და პირდაპირ რომ ვთქვათ, დროებით დასაქმებას გვთავაზობთ. თანამშრომელთა უმრავლესობა ამ წინადადებას დასთანხმდა, უმცირესობა - არა. ჩემი აზრით, ორივე ჯგუფი თავისებურად მართალია... ოღონდ პირველი ჯგუფი, ვთქვათ ასე - უმრავლესობა, თუნდაც 4-5 თვით გადარჩენაზეც ყაბულსაა, ხოლო მეორისათვის დროებითი გადარჩენა მეორეხარისხოვანია. ეს ჯგუფი რისკავს, დროებით დასაქმებაზე უარს ამბობს იმ იმედით, რომ პროცესს მალევე მოიგებს, ანუ თქვენ დაგამარცხებთ. 

ჩემი დაკვირვებით, ორივე ჯგუფი, მათი დიდი ნაწილი, შეურაცხყოფილია, ხოლო პირველი ჯგუფის წევრთა უმრავლესობა - შეშინებულიც კი. დიახ, შეშინებული... მათ აფრთხობთ მომავალი... 

დერეფნებში, რომლებშიც ახლა გამალებული სარემონტო სამუშაოებია, დაახლოებით ამგვარ დიალოგს მოისმენთ: - 
- ოკ, დღეს, ანუ ნოემბრამდე გადავრჩით და რა იქნება შემდეგ?..
- თუ კარგად მოვიქცევით, იქნებ ნოემბრიდან მარტამდე გაგვიგრძელონ კონტრაქტი... მერე ისევ კარგად მოვიქცევით და მარტიდან ივნისამდე... მერე ივნისიდან - ოქტომბრამდე... ოქტომბრიდან... 
ოღონდ, ბევრმა თავადაც არ იცის, რა არის ეს, მათ მიერვე ხსენებული "კარგად მოქცევა" - მხოლოდ საკუთარი კვალიფიციურობის დადასტურება? იქნებ ერთგულება? იქნებ - დუმილი?! დიახ, დუმილი და ეს სიტყვა შემთხვევით არ წამომცდენია - ტელევიზიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე შესამჩნევად ერიდება არათუ საჯარო ან სოციალურ ქსელებში საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, არამედ პირად საუბრებში სხვათა გამხნევებას, სამსახურიდან გათავისუფლებულ მეგობართა მხარდაჭერასაც კი. დიახ, ადამიანები ნელ-ნელა ეჩვევიან დუმილს, დადუმებას... გაჩუმებას და არცთუ იშვიათად იმასაც კი ამტკიცებენ, რასაც თავად, ასევე დაბეჯითებით, უარყოფდნენ, ვთქვათ, რამდენიმე თვის წინ.

რასაც გწერთ, ეს მწარე სიმართლეა... და ხსენებული დუმილი ადამიანების მიერ შემუშავებული ტაქტიკური სვლაა - დადუმების აუცილებლობას ისინი მომავალი და მოსალოდნელი "რეპრესიებისგან" თავდაღწევით ხსნიან და მე არ ვამბობ, რომ მათ წინააღმდეგ თქვენ აუცილებლად აღმართავთ "მსახვრალ ხელს", მაგრამ დასადგურებულ შიშზე, შემოსავლების გარეშე დარჩენის შიშზე კი ნამდვილად ვამახვილებ ყურადღებას. ეს უნებლიეთ და უნებურად გაჩენილი შიში, ჩემი აზრით, სერიოზული თავსატეხია - შეძახილი - ნუ გეშინიათ!!! არაფერს შეცვლის, - უკვე დამფრთხალ, არათავისუფალ ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ კვალიფიკაციის დადასტურება. შესაბამისად, ჩემი აზრით, ისინი კონკრეტულ გადაცემას საუკეთესოდ ვერ მოამზადებენ და უკვე შემდგომ, 1-ლი ნოემბრისთვის, თქვენ მოგეცემათ ფორმალური საფუძველი, შეელიოთ მათ... გაათავისუფლოთ ისინი სამსახურიდან.

ვასიკო, ია...
მეც, გულახდილად გეტყვით, სწორედ თავისუფლების შეზღუდვის შიშით გეუბნებით უარს... მეჩვენება, რომ თქვენ გჭირდებათ არა იმდენად ჩემი კვალიფიკაცია, რამდენადაც დუმილი... თქვენ გსურთ, დროებით გადააგოროთ პრობლემა თუ კვანძის გახსნა ნოემბრამდე და მაშინ, როცა ვნებები ჩამცხრალი იქნება, რბილ-ლბილად შემელიოთ მეც და შეელიოთ ბევრ კარგ, ღირსეულ, წესიერ ადამიანს.

არ დაგიმალავთ, პირადად ჩემი უარის მიზეზი სხვაცაა. ჩემი ნებაყოფლობითი უარით სოლიდარობას ვუცხადებ არა მხოლოდ გოგი გვახარიას და სალომე ასათიანს, არამედ, ასევე, მაგალითად, კახა თოლორდავას და გია ხადურს, რომლებსაც, რამდენადაც ვიცი, იმ კონკურსშიც კი არ მიუღიათ მონაწილეობა, რომელიც მაუწყებელმა რამდენიმე ხნის წინ ჩაატარა. ჩემი შეფასებით, ისინი უბრალოდ გაგეცალნენ, ჩუმად წავიდნენ... მე სოლიდარობას ვუცხადებ, მაგალითად, სალომე დადუნაშვილს, რომელიც ხსენებულ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა, დამარცხდა - სალომეს გადაცემა, ჩემი აზრით, უკონკურსოდ უნდა ხვდებოდეს მაუწყებლის ეთერში... მე სოლიდარობას ვუცხადებ სხვებს - მათ, ვისი გადაცემებიც იხურება და მათაც, ვისაც უკვე სამომავლოდ შეიძლება, შეექმნას პრობლემები. თქვენ იცით, სოლიდარობა მეორეხარისხოვანი როდია. მე ვიცი, რომ თქვენც იყავით სოლიდარულნი სხვათა მიმართ წარსულში და იმედი მაქვს, აუცილებლად იქნებით მომავალშიც. შესაბამისად, ამ არგუმენტს მაინც დააფასებთ.

კონკრეტულად ჩემი უარის მიზეზთა შორის მეორეხარისხოვანი როდია თანამშრომლობის ფორმატი, ან, ვთქვათ ასე - მიმართულება. თქვენ მთავაზობთ საარჩევნო გადაცემაში მონაწილეობას მაშინ, როცა ამ, ანუ არჩევნების მიმართულებით, ათი წელია, არ მიმუშავია. გარდა ამისა, მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა დაბალანსებული და მიუკერძოებელი იქნება. თუ ამ ვარაუდში არ ვცდები, გამოდის, რომ ფორმალური თანამონაწილე ვიქნები იმ საინფორმაციო პოლიტიკისა, რომელსაც თქვენ შეიმუშავებთ. თანამედროვედ რომ ვთქვა, "გამპრავებლის" როლი დამეკისრება. ეს კი, მომიტევეთ და სულაც არ მინდა... ჩემთვისაც, თქვენი არ იყოს, რეპუტაცია მეორეხარისხოვანი არაა. 

მთავარი მაინც ისაა, რომ თქვენი გადაწყვეტილებით, მაუწყებელის ეთერში არ განთავსდება ევროატლანტიკური მიმართულების სპეციფიკური გადაცემა. მე კი ვფიქრობ, რომ ევროპასთან დაახლოების პროცესი განსახილველია არა მხოლოდ ახალი ამბების ფორმატით, არამედ სწორედ მიმოხილვებით, ანალიზით... მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია რუსულ პროპაგანდასთან გამკლავება და ამ თემაზე განუწყვეტელი, დაუღალავი საუბარი. ხაზგასმით ვამბობ, არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობ კონკრეტულად გადაცემა "ვექტორზე" ან, მით უფრო, საკუთარ თავზე - სხვისი ავტორობით ამ თემებზე გადაცემის გაკეთება რომ გადაგეწყვიტათ, ჩემი კრიტიკა გაცილებით უარგუმენტო იქნებოდა. ვწუხვარ, რომ ვერც ამ საკითხზე ვთანხმდებით.

ვასიკო, ია...
თქვენ შესაძლო კითხვას - ვერბალურად რატომ არ გამცნეთ ეს მოსაზრებები, ვუპასუხებ ასე - მიზეზი მარტივია - ჩემი ვარაუდით, დიალოგის გამართვის შესაძლებლობა არ გვექნებოდა, ხოლო მშრალი, უკვე ნათქვამი - "არ ვარ თანახმა", დაცლილია არგუმენტებისგან. ამასთან, ვვარაუდობ, რომ საზოგადოების ნაწილს ნამდვილად აინტერესებს "პროტესტანტთა", მათ შორის, ჩემი არგუმენტები... მათი ნაწილი დამეთანხმება და ნაწილი - გამაკრიტიკებს, მაგრამ, ამ წამიდან ხომ საჯაროა ის, რის გამოც უარვყოფ თქვენს წინადადებას.

და ბოლოს - თუ ჩემი უარის გათვალისწინებით მიიღებთ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, ალბათ, არ გავაგრძელებ თქვენთან სამართლებრივ დავას (თუმცა, იურისტები მარწმუნებენ, რომ უშანსოდ არ ვარ). ასევე, არ ვაპირებ, მივიღო არანაირი სხვა კომპრომისული ალტერნატიული წინადადება, მაგალითად, ანალიტიკურ სამსახურში დროებით დასაქმება და ა.შ. სიამოვნებით ვითანამშრომლებდი მაუწყებელთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს წინადადებას ბევრის მიმართ ღირსეულ წინადადებად აღვიქვამდი... ამის შანსი აღარაა.

ყოველგვარი ირონიის გარეშე - წარმატებას გისურვებთ საქმიანობაში. ვამბობ, რომ საჯაროდ მივესალმები მაუწყებლის გამოსწორებას მაშინ, როცა ის გამოსწორდება. ვწუხვარ, რომ მე ამის მრავალი მიზეზის გამო არ მჯერა... 

თავისუფლებას, თავადაც იცით, ფასი არ აქვს... ანუ – ფასდაუდებელია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

არის თუ არა ისლამი ძალადობის რელიგია?

კომენტარები