დედოფლის სიტყვა

დედოფლის სიტყვა - ბრიტანეთის ახალი მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს

BBC

დიდი ბრიტანეთის ახლადარჩეული პარლამენტის მუშაობა დედოფლის ტრადიციული მიმართვით გაიხსნა. დედოფლის/მეფის სიტყვა სინამდვილეში მთავრობის მიერ დაწერილი სამოქმედო გეგმაა, რომელსაც ოფიციალურად მონარქი წარუდგენს პარლამენტს. ტრადიციული ცერემონია ლორდთა პალატაში იმართება და სანახაობას ტელეეკრანებიდან მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალყურს. წელს ცერემონია გასულ წლებთან შედარებით ნაკლებ სანახაობრივი და მინიმალისტური იყო.

დედოფლის მიმართვაში, რომელიც მომდევნო ორ წელს ეხება, ყველაზე დიდი ყურადღება, როგორც მოსალოდნელი იყო, ბრექსითის თემას დაეთმო. სწორედ ბრექსითი იყო ოფიციალური მიზეზი რიგგარეშე არჩევნების მოსახმობად პრემიერი ტერესა მეისთვის 2017 წლის გაზაფხულზე. მეის ევროკავშირთან ბრექსითის მოლაპარაკებებში პოზიციების გამყარება სურდა.

არჩევნების დანიშვნის დროს კონსერვატორებს დიდი უპირატესობაც ჰქონდათ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით. თუმცა, ლეიბორისტულმა პარტიამ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოულოდნელად გაიმყარა პოზიციები, რის შედეგადაც კონსერვატორებმა მეის ლიდერობით მანდატები დაკარგეს, შედეგების გაუმჯობესების ნაცვლად. ამის გამო მეის კოალიციის შეკვრა უწევს, რაც კვლავ მოლაპარაკებების პროცესშია.


ფოტო: BBC

დედოფლის სიტყვაში ბრექსითთან დაკავშირებით რვა საკანონმდებლო აქტზე იყო საუბარი - მათ შორის მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმასთან დაკავშირებით, როგორ განსაზღვრავს ბრიტანეთი საკუთარ საიმიგრაციო, საბაჟო და სავაჭრო პოლიტიკას.

მეის საარჩევნო პროგრამის შედარებით კონტროვერსიული ნაწილები დედოფლის სიტყვაში ვეღარ მოხვდა - მათ შორის, სკოლაში კვებასთან და ჯანდაცვის რიგი მიმართულებების დაფინანსების ახალი წესების შესახებ. ამის მიზეზი არჩევნების შედეგებია - ცვლილებების გასატანად ე.წ. უმცირესობის მთავრობას გარე მხარდაჭერის მობილიზება უწევს და არაპოპულარული ცვლილებების გატანა მეის გაუჭირდება.

რაც შეეხება ანტიტერორისტულ ზომებს, პარლამენტისადმი ჯერ კონკრეტული გეგმა წარდგენილი არაა, თუმცა გამოსვლაში არის დაპირება, რომ არსებული კანონდებლობა გადაიხედება ბოლო პერიოდის რამდენიმე ტერორისტული აქტის საპასუხოდ.

დედოფალ ელიზაბეტ მეორეს ცერემონიაზე ვაჟი, პრინცი ჩარლზი ახლდა. მისი მეუღლე, პრინცი ფილიპი საავადმყოფოშია.

კომენტარები