საკონსტიტუციო მონარქია

რა შეიძლება დაჯდეს მონარქია

ბრუნეის პრინცის ჰაჯი ჰასანალ აბდულ მალეკ ბოლკიაჰის ქორწილი
Getty Images

წარმოგიდგენთ პირობით გამოთვლას თუ რა შეიძლება საქართველოს გადასახადის გადამხდელებს მონარქიის აღდგენა დაუჯდეთ. ამ ცვლილებას პირველ რიგში რეფერენდუმის/პლებისციტის ჩატარება შემდეგ კი საკონსტიტუციო ცვლილებები ესაჭიროება.

თუ საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის საკონსტიტუციო მონარქიაზე გადასვლას და თუ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა პარლამენტმა და მთავრობამ, მაშინ ამას გადასახადის გადამხდელთაგან ათობით მილიონი ლარის გადახდა დასჭირდება. საქართველოს ბიუჯეტს მოუწევს, დააფინანსოს ისეთი ხარჯები, როგორიცაა სამეფო კარის ნადირობის ხარჯები, მათი ნადიმების, მივლინებების ხარჯები. ასევე ისეთი ტიპის ხარჯები, როგორიცაა, პირობითად სსიპ "წარჩინებულთა და თავადთა გვარების გადარჩენისა განმტკიცების სახელმწიფო კომისიის" შექმნის და მისი შენახვის ყოველწლიური ხარჯები, ასევე, ააიპ "სამეფო ხოხბების მოშენების სააგენტოს" ხარჯები და სხვა მსგავსი უწყებების შენახვის ხარჯები.

რა შეიძლება დაჯდეს მონარქია:

საქართველოს თითქმის არ შემორჩა მონარქთა ისტორიული სასახლეები. მონარქიის აღდგენის გამო კი, ქვეყანას ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა მოუწევს. საქართველოს მასშტაბით რეზიდენციებისა და თბილისში ცენტრალური სასახლის აშენებას და მის კეთილმოწყობას შესაძლოა 100-150 მილიონი ლარი დასჭირდეს. ამაში შედის სახელმწიფოს მიერ მონარქის გვარისთვის გადასაცემი მიწის ნაკვეთების ღირებულებაც, რათა მათზე სამეფო ტყეები გაშენდეს. რამდენიმე მილიონი ლარი შეიძლება, დაჯდეს სამეფო ძვირფასეულობა, როგორიცაა სკიპტრის და გვირგვინის ჩამოსხმა/მოვარაყება, მეფის ეტლის დამზადება, საკორონაციო მოსასხამის შექმნა, მოოქროვილი სამეფო ტახტისა და სამეფო ტახტის პედესტალის შექმნა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია მეფის კორონაციისა და ამ ღონისძიებისთვის გამართული საერთო სახალხო ზეიმის ხარჯები, რამაც შეიძლება რამდენიმე მილიონ ლარსაც მიაღწიოს.


ფოტო: ytimg.com

მონარქი სახელმწიფომ შესაძლოა უკვე არსებულ შენობაში დააბინავოს, რითიც ახალი სასახლის მშენებლობის თანხები დაიზოგება. მაგალითად ამის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, სახელმწიფომ ჩამოართვას უძრავი ქონება სსიპ "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს" და ის სამეფო გვარს გადასცეს. თუმცა, გარკვეული ალბათობით, სამეფო გვარმა ამ წინადადებაზე შეიძლება უარიც თქვას, რადგანაც აღნიშნული სასახლე რუსეთის მეფისნაცვალს ეკუთვნოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ მონარქიაზე გადასვლით იცვლება ქვეყნის კონსტიტუციური წყობა და ოფიციალურად სახელმწიფოს მეთაური ხდება მონარქი, ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლე ვაკანტური რჩება. მონარქიის პირობებში პრეზიდენტის თანამდებობა უქმდება, შესაბამისად, მონარქის ცენტრალურ სასახლედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შეიძლება გადაკეთდეს. ეს ნაბიჯი გარკვეულ ეკონომიას მოიტანს, რადგანაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურა მონარქის საკუთრებაში გადავა. ასევე მონარქის საკუთრებაში გადავა პრეზიდენტის ავტოპარკის და პრეზიდენტის უსაფრთხოების ხარჯებიც. 

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე
ფოტო: Levan Gokadze / Wikipedia

არაა გამორიცხული, ყოველწლიურად მონარქის და მისი ოჯახის შენახვა პრეზიდენტის შენახვაზე ძვირი დაჯდეს. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9.8 მილიონი ლარია, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი, 5 მილიონია, ეს ჯამში 14.8 მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა იმის გამო, რომ მონარქს სამოქალაქო პირზე (პრეზიდენტი) მაღალი სტატუსი აქვს, მისი ცერემონიალური ხარჯებიც მაღალი ალბათობით პრეზიდენტის ხარჯებზე მაღალი იქნება. მაგალითად, მონარქის კორონიზაციისთვის საჭირო იქნება სამეფო ეტლის შექმნა, რომლის გრავიურებითა და ოქროს ფურცლებით მოვარაყება ბიუჯეტს სოლიდური თანხა შეიძლება დაუჯდეს. 

დასავლეთ ევროპის ქვეყნების შემთხვევაში მონარქის შენახვის ყოველწლიური ხარჯები ასე გამოიყურება: (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევა)

  • ესპანეთის სამეფო €7.9 მილიონი ევრო (უშუალოდ სამეფო აპარატის ბიუჯეტი), თუმცა სხვადასხვა სამინისტროების მიერ მონარქის უსაფრთხოებისთვის, გადაადგილებისა და სხვა ხარჯებისთვის გაღებული ხარჯები წელიწადში საშუალოდ €60 მილიონია.
  • ნორვეგიის სამეფო  €24.5 მილიონი ევრო (უშუალოდ მეფის აპარატი), სხვადასხვა სამინისტროთა მიერ მონარქიისთვის გაღებული ხარჯები 2013 წლისთვის  €40.5 მილიონი ევროა.
  • ნიდერლანდების სამეფო €7,5 მილიონი ევრო (მეფის აპარატის ხარჯები), სხვა ხარჯების გათვალისწინებით კი € 39,6 მილიონი ევრო.
  • დიდი ბრიტანეთის მონარქთა ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონება, ძვირფასეულობა და სხვა აქტივები - €8,5 მილიარდი ევრო, 2012 წელს სამეფო ოჯახის დანახარჯებმა €38 მილიონი ევრო შეადგინა.
  • ბელგიის სამეფო - €13.9 მილიონი ევრო, 2013 წლის ხარჯვის მიხედვით.
  • დანიის სამეფო - €10.3 მილიონი ევრო, 2013 წლის ხარჯვის მიხედვით.
  • შვედეთის სამეფო - €14,5  მილიონი ევრო, თანხის 57% მონარქის აპარატში დასაქმებულთა ხელფასებია. 2013 წლის ხარჯვის მონაცემებით.
  • ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო - €9,3 მილიონი ევრო, 2013 წლის ხარჯვის მიხედვით.

მონარქიაზე გადასვლას შესაძლოა ქვეყანაში ფულის ნიშნებისა და საფოსტო მარკების დიზაინის გამოცვლაც დასჭირდეს, რაც ასევე გაზრდილ ხარჯვას გამოიწვევს. შესაძლოა, მონარქმა ყველა იმ ბანკნოტის გამოცვლის რეკომენდაცია გასცეს, რომლებზეც მეფეები არ არიან გამოსახული. ესენია 200-ლარიანი კუპიურა, 10 და 5-ლარიანი ბანკნოტები.

კომენტარები