აუდიტი

რეფორმა, რომლითაც საქართველოს ბიზნეს სექტორი ბევრად გამჭვირვალე გახდება

iStockPhoto

საქართველომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით აიღო ვალდებულება დაეწყო ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოება. ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ევროდირექტივების მიხედვით, საქართველომ უნდა დანერგოს ქვეყანაში კერძო სექტორის ფინანსური გამჭვირვალობის ახალ სტანდარტებზე გადასვლაა.

მთავრობამ შექმნა ახალი უწყება, რომელიც საქართველოს ბიზნესსექტორის გამჭვირვალობას გაზრდის და მას ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებს. პროექტის შედეგად შეიქმნება ერთიანი ელექტრონული პორტალი, რომელშიც კერძო კომპანიებს ყოველწლიური ფინანსური მაჩვენებლების საჯაროდ გამოქვეყნება მოუწევთ. ცვლილების შედეგად, კომპანიებს დაევალებათ ჩაატარონ საერთაშორისო სტანდარტების IFRS ხარისხის აუდიტი და ის საჯაროდ გამოაქვეყნონ.

სამსახურს, რომელიც აღნიშნულ რეფორმას უხელმძღვანელებს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის" სამსახური ეწოდება. ის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებაა. უწყება რამდენიმე ძირითადი მიმართულებით საქმიანობს, ესენია აუდიტორული კომპანიების ხარისხის რეგულირება, აუდიტორთა რეგისტრაცია, აუდიტის სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, რაც IFRS და სხვა სტანდარტების დანერგვას გულისხმობს და კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების გამოქვეყნებაზე ზედამხედველობა.

საქართველომ აღნიშნული რეფორმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი წლის ვადაში ანუ 2017 წლის ბოლომდე უნდა განახორციელოს. წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს ელექტრონული პორტალი reportal.ge რომელშიც კომპანიები საკუთარ ფინანსურ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ.

კომპანიები ზომის და ფუნქციის მიხედვით ხუთ კატეგორიად დაიყოფიან და მათ ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების განსხვავებული მოთხოვნები დაუდგინდებათ. კომპანიებს, რომელთა შემოსავალიც 100 მილიონს აღემატება და რომლებშიც 250-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული ყველაზე დეტალური ანგარიშების გამოქვეყნება მოუწევთ.

კანონის მიხედვით კომპანიების დაჯგუფება ასე გამოიყურება:

1 კატეგორიის საწარმო - წლიური შემოსავალი აღემატება 100 მილიონ ლარს, აქტივების ღირებულება აღემატება 50 მილიონ ლარს, დასაქმებული ჰყავს 250-ზე მეტი თანამშრომელი.

2 კატეგორიის საწარმო - წლიური შემოსავალი 20-100 მილიონი ლარი, აქტივების ღირებულება 10-50 მილიონი ლარი, დასაქმებულთა რაოდენობა 250-ზე ნაკლები.

3 კატეგორიის საწარმო - წლიური შემოსავალი 2-20 მილიონი ლარი, აქტივების ღირებულება 1-10 მილიონი, დასაქმებულთა რაოდენობა 10-50 ადამიანი.

4 კატეგორიის საწარმო - 2 მილიონ ლარამდე, აქტივების ღირებულება 1 მილიონ ლარამდე, თანამშრომელთა რაოდენობა 10-მდე.

5 კატეგორია - საზოგადოებრივი დაინტერესების პირი (სდპ) - კომერციული ბანკები, სადაზღვევოები, საფონდო ბირჟაზე არსებული კომპანიები, მიკროსაფინანსოები.

პირველი კატეგორიის საწარმოებისთვის და სდპ-ებისთვის სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების წარმოება IFRS სტანდარტის მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება, რომელიც დადასტურებული იქნება აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის მიერ და მმართველობითი ანგარიშგებების წარდგენა.

გარდა ამისა, მოცემული კატეგორიების საწარმოებმა უნდა წარადგინონ ინფორმაცია:

  • მათი შემოსავლის შესახებ, საქმიანობის კატეგორიებისა და ბაზრების გეოგრაფიული განაწილების მიხედვით, თუ ამ კატეგორიებსა და ბაზრებს შორის არსებითი განსხვავებაა;
  • წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების და სხვა პროფესიული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის გადახდილი ანაზღაურების შესახებ.

მეორე კატეგორიის საწარმოებს ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების წარმოება ევალებათ IFRS for SME სტანდარტის მიხედვით. ამ კატეგორიის სუბიექტებისთვის ასევე სავალდებულოა ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება, თუმცა მათთვის გადასახადების ანგარიშგების გამოქვეყნება სავალდებულო არ არის.

მესამე კატეგორიის საწარმოს აქვს ვალდებულება აწარმოოს ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგება IFRS for SME სტანდარტის მიხედვით და გამოაქვეყნოს ფინანსური ანგარიშგება გამარტივებული ფორმით. ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ამ კატეგორიისთვის ნებაყოფლობითია, ასევე არ არის სავალდებულო მმართველობითი და გადასახადების ანგარიშგებების წარდგენა.

მეოთხე კატეგორიის საწარმოებს დაევალებათ აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება მათთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სტანდარტით, რომლის შემუშავებაც მოხდება 2017 წლის 31 დეკემბრამდე.

ააიპ-ებს დაევალებათ აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება მათთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სტანდარტით, რომლის შემუშავებაც ასევე მოხდება 2017 წლის 31 დეკემბრამდე. მათთვის რიგი მოთხოვნების შესრულება სავალდებულო არ იქნება.

რას მოიტანს რეფორმა:

იმის გამო, რომ დღეისთვის კომერციული ბანკებისა და საწარმოთა მცირე ჩამონათვალის გარდა არცერთი კომპანია არ აქვეყნებს საკუთარ ფინანსურ მაჩვენებლებს ქართული ბიზნესის ზუსტი შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია. უცნობია საშუალოდ რა მოგებებზე მუშაობენ კომპანიები, უცნობია როგორ განსხვავდება საშუალო მოგების მაჩვენებლები სექტორების მიხედვით. თუ კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები საჯარო გამოქვეყნება გაირკვევა, თუ რომელი სექტორებია საინვესტიციოდ  უფრო მომგებიანი. მაგალითად, 2 მილიონი ლარის აქტივებისა და 20 დასაქმებულის ზომის კომპანიისთვის რა არის საშუალო მოგების მაჩვენებლები სხვადასხვა სექტორების მიხედვით და რომელ სექტორშია მოგების მიღების ალბათობა უფრო მაღალი.

რეფორმა კომპანიებს დამატებითი აუდიტორული ხარჯების გაღებისკენ უბიძგებს, ეს კი შედარებით მცირე კომპანიებისთვის უფრო მძიმე ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ მცირე ზომის კომპანიებს ბევრად დაბალი სტანდარტით მოეთხოვებათ ანგარიშების წარდგენა მათი ნაწილისთვის ეს შესაძლოა დამატებითი ტვირთი აღმოჩნდეს. მსხვილი ბიზნესი კომერციულ ბანკებთან და ინვესტორებთან ურთიერთობისთვის ისედაც ატარებს მაღალი სტანდარტის შიდა აუდიტორულ შემოწმებებს. 

ტაბულასთან საუბარში საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეფორმაზე მუშაობისას ერთ-ერთი საკითხი, რასაც ბიზნესი პრობლემურად მიიჩნევდა ეს იყო კომერციული საიდუმლოების გამჟღავნების საკითხი, რის შესახებაც მიღწეულია შეთანხმება, რომ აუდიტის დასკვნის ზოგიერთი ნაწილი, რომელიც  ასეთი ტიპის საიდუმლოება იქნება ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით დაფარული გამოქვეყნდება, თუმცა ეს არ ეხება პირველი კატეგორიის საწარმოებსა და სდპ-ებს.

კომენტარები