ენერგეტიკა

ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საფონდო ბირჟაზე გავა

syncomedia.com

ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება, ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

პრემიერმა ქარის ელექტროსადგურის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, EBRD-ს და საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ პროექტის აქციები ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდება. 

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით ყიდულობს. ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული 100% ელექტროენერგია $6.89 ცენტად. რაც დაახლოებით იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ტოლფასია.

სემეკის ცნობით, 2017 წელს სადგური 88 მილიონ კილოვატ საათ ენერგიას გამოიმუშავებს, შესაბამისად, მასში ბიუჯეტი $6 მილიონ დოლარს გადაიხდის. გამომუშავების ამ მოცულობის პირობებში, მომავალი 10 წლის მანძილზე ელექტროსადგურის დენის შესყიდვაზე ბიუჯეტიდან $60 მილიონი დაიხარჯება.

პროექტი $24-მილიონიანი შეღავათიანი კრედიტით EBRD-მა დააფინანსა. ქარის ელექტროსადგური შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურს" ეკუთვნის, კომპანიის დამფუძნებელი სახელმწიფოა.

კომენტარები