პაკელიანის საქმე

GDI პროკურატურას: მიანიჭეთ პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი და შეცვალეთ კვალიფიკაცია

Nino Pakeliani/Fb.com

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა პროკურატურას მოუწოდებს, შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. გარდა ამისა, GDI ითხოვს, პროკურატურამ შეცვალოს და სწორი კვალიფიკაცია მისცეს შოთა პაკელიანის მიმართ პოლიციელთა მიერ განხორციელებულ წამების, არაადამიანური, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს. არასამთავრობო აღნიშნავს, რომ როგორც "ლიბერალის" გავრცელებული კადრებით ირკვევა, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული პაკელიანი არა დაკავებისას, არამედ დაკავების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების შენობაში გაჩხრიკეს და გარეშე პირების თანდასწრებით გააშიშვლეს.

"შოთა პაკელიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე, რაც აშკარად შეიცავს წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს (სსკ-ის 1441,1443 მუხლები), პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით მიმდინარეობს (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი).

საგანგაშოა ის გარემოებაც, რომ GDI-ის არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურას შოთა პაკელიანი დღემდე დაზარალებულად არ უცვნია. ეს მაშინ, როდესაც პროკურატურაში ადასტურებენ, რომ მედიაში გავრცელებული კადრები წინამდებარე გამოძიების ფარგლებში მათაც აქვთ გამოთხოვილი და ეს მასალები უკვე დიდიხანია დევს სისხლის სამართლის საქმეში.

გავრცელებულ კადრებში ასახული ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს პირის დაზრალებულად ცნობის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეში მსხვერპლის დაზარალებულად ცნობისთვის თავის არიდება კარგად დამკვიდრებულ მავნე პრაქტიკად არის ქცეული" - აცხადებს GDI და აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, თუ პირს აქვს საფუძვლიანი საჩივარი, რომ ის პოლიციის ან სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებმა აწამეს, ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოეპყრნენ, სახელმწიფო ვალდებულია, საქმეზე ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება.

"წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის გამო (Assenov v. Bulgaria; Audin v. Turky). წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საქმის ეფექტური გამოძიება კი თავის თავში მოიაზრებს მსხვერპლისთვის კონვენციის მე-13 მუხლით გარანტირებული ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი საშუალებების მინიჭების აუცილებლობას. ამ შემთხვევაში მსხვერპლისთვის ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი საშუალების მინიჭება გულისხმობს, პირი იყოს მომჩივანი და გააჩნდეს აუცილებელი პროცედურული გარანტიები სახელმწიფო მოხელეთა უკანონობის წინააღმდეგ.

სისხლის სამართლის საქმეში მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება არის ერთადერთი გზა ჰქონდეს ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი საშუალებები და სარგებლობდეს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით.

ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან საგანგაშოდ გახშირებული წამების, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები და პროკურატურის მხრიდან მათზე არაეფექტური რეაგირება, კიდევ ერთხელ, მთელი სიმწვავით წარმოაჩენს ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობის აუცილებლობას" - აცხადებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შოთა პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პაკელიანის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს დაკავებულის ცემასა და მისთვის ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებდნენ, შსს-ში კი ამბობდნენ, რომ პაკელიანი მიმალვის მცდელობისას წაიქცა და სახის, ხელისა და მუხლის არეში დაზიანებები მიიღო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ეწერა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობისას გადაყლაპა და შეუძლოდ ამის გამო გახდა.

გუშინ, ლიბერალმა ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა. მათი წყაროს განცხადებით, ვიდეოში ასახულია, რა გარემოებებში ხდება შოთა პაკელიანის ჩხრეკა, შემდეგ - მისი გაშიშვლება. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები