ფასის ლარში გამოხატვა სავალდებულო ხდება, რა უნდა იცოდეს ბიზნესმა, რათა არ დაჯარიმდეს

ტაბულა

2017 წლის 1 ივლისს ძალაში შედის ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში გაჩენილი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. 1 ივლისიდან ძალაში შედის ამ კანონისთვის ადმინისტრაციული სამართალდარვევების კოდექსში შესული ცვლილებებიც, რომლის მიხედვითაც ლარში რეკლამირების და საქონლის შეთავაზების წესის დარღვევა 5 ათას ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებს.

ცვლილება პირველ რიგში უძრავი ქონების ბაზრისკენ არის მიმართული, რადგანაც აღნიშნული ბაზარი პრაქტიკულად სრულად დოლარში ოპერირებს, ასევე მაღალია დოლარიზაცია ავტომობილებით ვაჭრობის სექტორშიც. ამ ბაზრებს 1 ივლისიდან იძულებით ლარში გადართვა მოუწევთ. მთავრობის შეფასებით, უძრავი ქონების ლარში გადართვა ამ ბაზარზე პროგნოზირებადობას გაზრდის. ცვლილება ბაზარზე შეამცირებს არჩევანის უფლებას მეწარმეებმა გამოიყენონ ის ვალუტა რომელსაც უპირატესობას ანიჭებენ.

თუ მეწარმეები კანონის მოთხოვნებს დაარღვევენ მათთვის დაწესებული ჯარიმები ასე გამოიყურება:

  • პირველ ჯერზე გამოიწვევს წინადადების მიმცემის (ოფერენტის) ან რეკლამის დამკვეთის გაფრთხილებას.

  • იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
  • იგივე ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

სახელმწიფო 13 გამონაკლისს აწესებს, როდესაც უცხოურ ვალუტაში ფასდადება კანონდარღვევად არ ჩაითვლება. გამონაკლისები ძირითადად ტურიზმის, საფინანსო და ენერგეტიკის სექტორებს შეეხება. გამონაკლისების დაწესების ბრძანებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხელი 22 ივნისს მოაწერა.

13 გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც უცხოური ვალუტით ფასდადება დარღვევად არ ჩაითვლება:

  1. ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს ან ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული ხორციელდება უცხოურ ენაზე, ასევე აზარტულ თამაშობებთან.

  2. ტვირთების საერთაშორისო, მათ შორის საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო გადაზიდვებთან, ასევე ყველა სახის სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებულ მომსახურებაზე.
  3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და აეროპორტის გაფრენის ზონებში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევასთან.
  4. როუმინგის მომსახურებასთან.
  5. უცხოეთში გადაზიდვების მომსახურებასთან.
  6. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებულ მომსახურებასთან.
  7. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან.
  8. არარეზიდენტის მიერ (მათ შორის, მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით) ან არარეზიდენტისათვის მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან.
  9. ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო და/ან უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების და/ან ინვესტორის დაფინანსებით (მათ შორის ნაწილობრივი დაფინანსებით) განსახორციელებული პროექტების ფარგლებში საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების გაწევასთან და/ან სამუშაოების (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების) შესრულებასთან.
  10. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის დარგში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში საქონლის რეალიზაციასთან და/ან მომსახურების გაწევასთან.
  11. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების/შეთანხმების და მემორანდუმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, ასევე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებთან. 
  12. უცხოური საგადახდო სისტემის გამოყენებით უცხოური ვალუტით განხორციელებულ მომსახურებასთან.
  13. მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც ადასტურებს წილობრივ მონაწილეობას უცხოურ კომპანიაში, ან მისი ეკვივალტთან, მიმოქცევად სასესხო ინსტრუმენტთან/ვალდებულებასთან; სხვა მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც იძლევა ფასიანი ქაღალდების შეძენის უფლებას მასზე ხელმოწერის, მისი ყიდვის ან გაცვლის გზით, ან რომლის შესრულება ხდება შეთანხმებულ და მიმდინარე ფასთა შორის სხვაობის დაფარვით, ან რომელიც ითვალისწინებს ფულად ანგარიშსწორებას, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებულ უფლებასთან; ფულის ან სავალუტო ბაზრის ინსტრუმენტებთან; ანგარიშზე რიცხულ ძვირფას ლითონებთან; ასევე ზემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან, უფლებებთან ამ ინსტრუმენტებზე ან მათთან დაკავშირებულ უფლებებთან.

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სახელმწიფომ მოამზადა სპეციალური საინფორმაციო კამპანია, რათა მინიმუმამდე იყოს შემცირებული მომავალში ამ კანონის შესაძლო დარღვევის შემთხვევები.

კომენტარები