ე.წ. ციანიდის საქმე

მამალაძე მსჯავრდებულ ფირცხალავას ზემოქმედებასა და პატივის შელახვაში ადანაშაულებს

მთავარმა პროკურატურამ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ გამოძიება ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. 

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან ხორციელდება მიზანმიმართული ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ასევე მისი დისკრედიტაცია და პატივისა და ღირსების შელახვა, რაც მიზნად ისახავს გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას",- წერია პროკურატურის განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ მსჯავრდებულმა ირაკლი ფირცხალავამ ციხიდან კურიერს გაუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ირაკლი მამალაძე წლებია, უსაფრთხოების სამსახურის აგენტია და მისი ფსევდონიმი "პრესაა".

მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოწმისადმი, დაზარალებულისადმი, ექსპერტისადმი ან თარჯიმნისადმი მიმართვას ან მის დაყოლიებას ცრუ ჩვენების ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ანდა არასწორად თარგმნისათვის, ან მის მიერ მიცემული ჩვენების ან დასკვნის შეცვლისათვის გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ირაკლი მამალაძე კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ფირცხალავას "სერიულ მკვლელს" უწოდებს. როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებული ფირცხალავა პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები