დაჭრა

შსს: სპორტსმენების დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

თბილისში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ძალისმიერ სამჭიდში [ე.წ. შტანგის სახეობა] მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1995 წელს დაბადებულ ბ.ხ-ს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, შატილის ქუჩაზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიმდინარე ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 4 მოქალაქე, მათ შორის, ერთი სპორტსმენი, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბ.ხ. მომხდარიდან მეორე დღეს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულაში დააკავეს", - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები