კორუფციის ნიშნები

თარგამაძე: დაცვის პოლიციაში კორუფციით მილიონები კეთდება

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრმა გივი თარგამაძემ დღეს შსს-ს შემადგენლობაში არსებულ სახელმწიფო დაცვის პოლიციაში სავარაუდოდ კორუფციის ნიშნებთან დაკავშირებით გამართა ბრიფინგი. თარგამაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით ამბობს, რომ დაცვის პოლიცია ტენდერებში დარღვევებით იმარჯვებს, რის გამოც ბიუჯეტი მილიონობით ლარს კარგავს, აღნიშნული თანხა კი კორუფციული გარიგებებით დაცვის პოლიციის ხელმძღვანელობის ჯიბეებში ილექება.

დაცვის პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა. დაცვის პოლიცია უსაფრთხოების სერვისით სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს უზრუნველყოფს. ამავდროულად დაცვის პოლიცია არის კერძო დაცვის სამსახურების რეგულატორიც, ეს კი მას ბაზრის სხვა მოთამაშეებთან შედარებით აღმატებულ უფლებებს ანიჭებს.

თარგამაძის მტკიცებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ გურამ ტომარაძე მუშაობს მხოლოდ იმის გამო, რომ მისი მამა თამაზ თამაზაშვილის მეგობარი და თანამშრომელი იყო. გივი თარგამაძე დაცვის პოლიციის მონაწილეობით რამდენიმე სქემაზე ამახვილებს ყურადღებას.

გივი თარგამაძის თქმით, დაცვის პოლიცია მის კლიენტებთან აფორმებს ხელსეკრულებებს, რომელთა მიხედვითაც თითოული თანამშრომლის ანაზრაურება განსაზღვრულია 400-600 ლარით, სინამდვილეში კი კვალიფიციური დაცვის ტანამშრომლების ნაცვლად ამ სამსახურს წვევამდელები ასრულებენ, რომლებსაც დაცვის პოლიცია თვეში 80 ლარს უხდის, თანხებს შორის სხვაობა კი დაცვის პოლიციის მაღალჩინოსნებზე ნაწილდება. 

"ზოგადად, ეს, რა თქმა უნდა, მახინჯი სისტემაა. არსებობს სარჩელი, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში. დაცვის დეპარტამენტი არის ამ ბიზნისში როგორც მოთამაშე, ასევე არის მაკონტროლებელი. ბუნებრივია, მას აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ იყოს მონოპოლისტი და ამას ახორციელებს კიდეც. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არ ხდებოდა ჩვენს დროს, ხდებოდა, სამწუხაროდ, და ეს გაგრძელდა. ისევე როგორც ყველა დანარჩენ მიმართულებაზე - ის მანკიერი, რაც იყო ჩვენს დროს, ახლა არის ჰიპერტროფირებული და ასჯერ უფრო გაზრდილი და ასჯერ უფრო მავნებლური", - ამბობს თარგამაძე.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი წამგებიანი მოდელი, რომელშიც დაცვის პოლიციაა ჩართული GPS მოწყობილობების მონტაჟია.

დაცვის პოლიცია 2011 წლიდან აწარმოებს ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ავტომანქანების GPS მომსახურებას. მომსახურება მიმდინარეობს შემდეგი სქემის მიხედვით:

GPS მომსახურების მიღების მიზნით კლიენტი აფორმებს ხელშეკრულებას დაცვის პოლიციასთან. პოლიცია ამის შემდეგ უკავშირდება შპს შპს „კასა ტრეიდს“, რომელიც GPS მოწყობილობებს ამონტაჟებს კლიენტის ავტომანქანაში. საინტერესოა, რომ დასამონტაჟებელ GPS მოწყობილობებს "კასა ტრეიდი" იღებს დაცვის პოლიციისგან, თუმცა იქამდე თავად დაცვის პოლიცია ყიდულობს ამ მოწყობილობებს ისევე "კასა ტრეიდისგან" (ერთეულის შეძენის ფასი 380-430 ლარი).

მონტაჟის შემდგომ GPS მომსახურებას კლიენტებს უწევს "კასა ტრეიდი", ის თანხა კი რასაც კლიენტები ამ მომსახურებაში იხდიან არის მის თვითღირებულებაზე ნაკლები.

მომსახურების საფასური (რომელიც სხვადასხვა კლიენტებისთვის განსაზღვრულია სხვადასხვა ოდენობით - თვეში 20 ლარიდან 40 ლარამდე თითო ავტომანქანაზე დღგ-ს ჩათვლით) კლიენტი უხდის დაცვის პოლიციას. აღნიშნული თანხიდან დეპარტამენტი შპს „კასა ტრეიდს“ უხდის თვეში 10 ლარს (თითო ავტომანქანაზე). ამასთან კლიენტის ავტომანქანაში დამონტაჟებული მოწყობილობა არ გადადის კლიენტის საკუთრებაში და მას მხოლოდ დროებით სარგებლობაში გადაეცემა (მისი შეძენის ხარჯის ანაზღაურება კლიენტის მიერ არ ხდება), რის შედეგადაც მოწყობილობების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა მთლიანად წარმოებს დაცვის პოლიციის ხარჯებით. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს დაცვის პოლიციამ ამ საქმიანობით 13 ათასი ლარის წაგება ნახა, თუმცა მოგება ნახა მისმა პარტნიორმა "კასა ტრეიდმა", იქიდან გამომდინარე, რომ თავდაპირველად აღნიშნულ GPS მოწყობილობებს დაცვის პოლიცია ყიდულობს კასა ტრეიდისგან ეს გარემოება დაცვის პოლიციის ფინანსების ხარჯზე კასა ტრეიდის მოგების ზრდას იწვევს.

 

კომენტარები