ტრანსპორტი

ბათუმის მიმართულებით მატარებლის ბილეთები ძვირდება

საქართველოს რკინიგზა

1 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლის ბილეთები ძვირდება. ზრდა შეეხება ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის ბილეთებს. მოქმედი 55 ლარიდან ბიზნეს კლასის ბილეთი 100 ლარამდე იზრდება, პირველი კლასის ბილეთი კი არსებული 45 ლარიდან 60 ლარამდე ძვირდება.

რკინიგზაში ამ გადაწყვეტილების მიღებას იმ გარემოებას უკავშირებენ, რომ სამგზავრო გადაყვანები დღემდე დოტაციური იყო და მასში რკინიგზა სოლიდურ თანხებს ხარჯავდა. კომპანიამ გადაწყვიტა შეეჩერებინა აღნიშნული დაფინანსება ბიზნეს კლასისა და პირველი კლასის მგზავრთათვის. 

"მოგეხსენებათ მატარებლით სამგზავრო გადაყვანები დოტაციურია და მათ ვინც პირველი კლასითა და ბიზნეს კლასით მგზავრობს მან არ ისარგებლოს ამ სუბსიდიით. ამიტომ ვფიქრობთ რომ ბიზნეს კლასმა და პირველმა კლასმა უნდა გადაიხადოს მეტი", - ტაბულასთან საუბარში ამბობს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია.

ამავდროულად 1 ივლისიდან ძვირდება მეორე კლასის (ეკონომ კლასის) ბილეთის ფასი და ის 24 ლარი ხდება. თუმცა ეს სინამდვილეში გაძვირებას არ წარმოადგენს და მას სეზონური ფასი ეწოდება. რკინიგზის სატარიფო პოლიტიკის მიხედვით, ზაფხულის სეზონზე ბილეთის ფასები უფრო მაღალია, არასეზონზე კი სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. 2013 წლიდან მოყოლებული მეორე კლასის ბილეთის ფასი არასეზონზე (სექტემბრი - ინვისი) 18 ლარია, ხოლო სეზონზე კი მისი ღირებულება 24 ლარს შეადგენს.

Stadler-ის ორსართულიან მატარებელში 10 ბიზნეს კლასის, 40 პირველი კლასის და 350 მეორე კლასის ადგილია. 

 

კომენტარები