აშშ

მსოფლიოს ყველაზე დიდი ავიამზიდი - ჯერალდ ფორდი ფლოტში ივლისიდან შევა


ფოტო: US NAVY

მსოფლიოს ყველაზე დიდი ავიამზიდი, USS Gerald R. Ford აშშ-ის საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში 22 ივლისს შევა. ხომალდი მომდევნო სამი წლის მანძილზე ტექნიკურ ტესტირებას გაივლის და პირველ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას 2020 წელს მიიღებს. 

100 ათას ტონიანი ბირთვული ავიამზიდი 337 მეტრის სიგრძისაა და მას 75 F35-ის ტიპის გამანადგურებლის გადაყვანა შეუძლია. ჯერალდ ფორდის მშენებლობაზე $13 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, მის პროექტირებაზე დახარჯული თანხა კი $4.7 მილიარდს აჭარბებს. ხომალდი აშშ-ის 38-ე პრეზიდენტის ჯერალდ ფორდის სახელს ატარებს.

ახალი ავიამზიდი აშშ-ის ფლოტში 2070 წლამდე იმსახურებს, ის შედარებით მოძველებულ ნიმიცის კლასის ხომალდ ენტრერპრაიზს ჩაანაცვლებს. ახალი ავიამზიდი მის წინამორბედთან შედარებით 5 მეტრით გრძელია.

ჯერალდ ფორდის კლასის ხომალდებში ორი ატომური რეაქტორია განთავსებული. თითოეულ მათგანს 300 მეგავატის გენერირება შეუძლია. ბორტზე ატომური ელექტროსადგურის არსებობის გამო ბირთვულ ავიამზიდებს სხვა ავიამზიდებისგან განსხვავებით ბევრად უფრო დიდი ხნის მანძილზე შეუძლიათ ზღვაში ყოფნა.

ამ დროისთვის ვირიჯინიაში Northrop Grumman-ის დოკში ჯერალდ ფორდის ტყუპისცალი ხომალდი ჯონ კენედი შენდება. ჯამში 10 ხომალდის აშენებაა დაგეგმილი. უკანასკნელი მათგანი ფლოტში 2105 წლამდე იმსახურებს.

26 ივნისს დიდმა ბრიტანეთმაც წარადგინა ახალი ავიამზიდი. 280-მეტრიანი დედოფალი ელისაბედი ფლოტში 2067 წლამდე იმსახურებს.

ქვეყნების მიხედვით ავიამზიდების რაოდენობა ასე გამოიყურება:

  1. აშშ - 10 ავიამზიდი, ნიმიცის კლასის ბირთვულ ავიამზიდს 60 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  2. ჩინეთი - 2 ავიამზიდი, კუზნეცოვის კლასის ხომალდები, თითოეულს 50 თვითმფრინავის დატევა შეუძლია
  3. იტალია - 2 ავიამზიდი, ორივე ავიამზიდს ერთად ჯამში 58 თვითმფრინავის დატევა შეუძლია
  4. საფრანგეთი - 1 ავიამზიდი, ბირთვულ ავიამზიდ შარლ დე გოლს 40 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  5. რუსეთი - 1 ავიამზიდი, კუზნეცოვის კლასის ხომალდს 50 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  6. დიდი ბრიტანეთი - 1 ავიამზიდი (2017 წლის ივნისიდან საზღვაო ძალების შემადგენლობაში შევა) დედოფალ ელისაბედის კლასის ხომალდს 50 თვითმფრინავის დატევა შეუძლია. შენდება მეორე იდენტური ხომალდიც.
  7. ინდოეთი - 1 ავიამზიდი, საბჭოთა კიევის კლასის ხომალდს 36 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  8. ბრაზილია - 1 ავიამზიდი, ფრანგული კლემენსიუს კლასის ხომალდს 39 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.
  9. ესპანეთი - 1 ავიამზიდი, ხუან კარლოსის კლასის ხომალდს 25 თვითმფრინავის დატევა შეუძლია.

 

კომენტარები