ბიბლიური თავისუფლება

ხვიჩია: წვევამდელების შესახებ ახალი კანონი, გირჩის რელიგიურ ორგანიზაციას არ შეეხება

ტაბულა

"გირჩის" დამფუძნებელი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ახალი კანონი წვევამდელების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან ასაცილებლად "ყალბი დოკუმენტების" გამოყენებასთან დაკავშირებით, "ბიბლიურ თავისუფლებას" არ შეეხება. 

ხვიჩიას თქმით, "გირჩის" მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების გზას თავაზობს, ყალბ დოკუმენტებს არ გასცემს და, შესაბამისად, ახალი კანონით მათ ვერ მოედავებიან. 

"იმ ცოდნით, რომელიც მე ამ დარგში გამაჩნია, ყალბ დოკუმენტად არ ითვლება დოკუმენტი, რომელსაც გასცემს უფლებამოსილი ორგანო. ყალბია დოკუმენტი, რომელსაც უფლებამოსილი ორგანოს მაგივრად უფლებამოსილი ორგანოს სახელით გასცემს სხვა ადამიანი. ეს ქეისი არ გვაქვს "ბიბლიური თავისუფლების" ნაწილში. მე მგონი, საქართველოს პროკურატურასაც კი არ მოუვა თავში აზრად, რომ "ბიბლიურ თავისუფლებას" დააბრალოს მის მიერ გაცემული დოკუმენტაციის სიყალბე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ "ბიბლიური თავისუფლების" ნაწილში ვერ მოხერხდება ამ სიყალბის მუხლის მიყენება,"- ამბობს ხვიჩია. 

"ტაბულას" კითხვაზე, რამდენად საეჭვოა გარემოება, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა, კანონპროექტი პარლამენტში მას შემდეგ წარადგინა, რაც "გირჩმა" რელიგიური ორგანიზაცია დააარსა და ამან მმართველ გუნდში უკმაყოფილება გამოიწვია, ხვიჩია ამბობს, რომ ეს კანონი რეალურად არაფერს ცვლის და სიყალბე ამ კანონამდეც დასჯადი ქმედება იყო. 

"საეჭვოდ ბევრი რამე მეჩვენება, ცხადია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ეს არის მუხლი, რომელიც არაფერს არ ცვლის. იმ მოცემულობით, რომელიც მე გამაჩნია, ადამიანები კანონიერი გზებით ირიდებდნენ თავიდან ჯარს, მაგალითად, სასწავლებელში ჩაბარებით ან რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის წევრები ხდებოდნენ. ეს ნაწილი ისევ ასე დარჩება. შეიძლება, ბატონ სესიაშვილი კიდევ რაღაც სხვა საფრთხეებს ხედავს და სტატისტიკურად არსებობდა გაყალბების სხვა შემთხვევები, რომლისთვისაც ეს კანონი მიიღო, მაგრამ ჩემთვის როგორცაა ცნობილი, სიყალბე ყოველთვის დასჯადი იყო და მერეც დასჯადი იქნება. მე ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ და დაველოდები, რაში გამოიყენებენ ამ სიახლეს,"- ამბობს იაგო ხვიჩია. 

"ტაბულას" კიდევ ერთ კითხვაზე, ხომ არ არის ეს მმართველი გუნდის მიერ იმ ადამიანების დაშინების მცდელობა, რომლებიც აპირებდნენ აეღოთ "ბიბლიური თავისუფლების" მიერ გაცემული მოწმობები და, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, იცოდნენ, რომ კანონი მათ არ შეეხება, ხვიჩია გვპასუხობს, რომ "ეკლესიისკენ მიმავალი გზა ია-ვარდებით მოფენილი არ არის" და რწმენა ზუსტად იმისთვის არის საჭირო, რომ "გასაჭირში გაგვაძლიეროს".

პარტია "გირჩმა" რელიგიური ორგანიზაცია, სახელწოდებით "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება" აპრილში დააფუძნა. ორგანიზაცია წვევამდელებს სასულიერო პირებად აკურთხებს და შესაბამის ცნობებსაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდებს კი კანონში არსებული ჩანაწერის საფუძველზე ჯარში გაწვევისგან გათავისუფლება შეუძლიათ. 

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე "ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, მოქალაქეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუკი ის სასულიერო პირია. 

აღნიშნული ორგანიზაციის ჩამოყალიბება მიუღებელი და მოულოდნელიც აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის, რომელმაც დღეს წვევამდელების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის ასარიდებლად "ყალბი დოკუმენტების" გამოყენებასთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო. 

წვევამდელის მიერ ავადმყოფობის სიმულაცია, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვა ტიპის ტყულის გამოყენება ახალი კანონის მეშვეობით 3-წლიანი პატიმრობით დაისჯება. 

სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების განმარტებითი ბარათის მიხედვით, გამოვლინდა რიგი შემთხვევები, როდესაც წვევამდელები ყალბ დოკუმენტაციას იყენებდნენ, რათა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავი აერიდებინათ.

ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლის პირველ ნაწილში შევიდა. 

კანონის ავტორი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია.

კომენტარები