ციანიდის საქმე

კანონიკური განმარტებები დეკანოზ მამალაძისთვის დადებულ საეკლესიო სასჯელზე

მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და დეკანოზი გიორგი (მამალაძე)
Facebook/Ana Akhaladze

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს "სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება" შეუჩერდა. რამდენიმე თვეა დეკანოზის საეკლესიო სასჯელის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. სამართლის დოქტორი, დავით ჩიკვაიძე, ტაბულას მკითხველს საკუთარ განმარტებებს სთავაზობს:

  1. სჯულისკანონი ითვალისწინებს ბრალდებულისათვის ზიარების შეზღუდვას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახეზეა თავის არიდება საეკლესიო მართლმსაჯულებასთან თანამშრომლობაზე. კართაგენის კრების მე-19 და მე-20 კანონები კაზუისტიკურად ადგენენ წესს, რომლის თანახმად თუ ბრალდებული დროულად ცხადდება საეკლესიო სასამართლოში, ასეთ დროს მას არ ერთმევა ზიარების უფლება. სხვა შემთხვევაში, მსგავსი გადაწყვეტილება დასაშვებია;
  2. სჯულისკანონით სასულიერო პირის განკვეთის გარდა გათვალისწინებულია მღვდელმოქმედების აკრძალვა, რაც თავის მხრივ შეიძლება იყოს როგორც ვადიანი, ისე უვადო. მათი გამაერთიანებელი მახასიათებელი არის ის, რომ მღვდელმოქმედება-აკრძალულ პირს უნარჩუნდება სასულიერო წოდება;
  3. სჯულისკანონი საერთოდ არ ითვალისწინებს სასჯელს "სამღვდელო ხარისხის შეჩერება", შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რას გულისხმობს ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის განჩინება;
  4. სასულიერო პირისათვის მღვდელმოქმედების დროებითი აკრძალვა იმავდროულად გულისხმობს, რომ მას ეზღუდება ზიარების უფლება, როგორც სასულიერო პირს (საკურთხეველში თანამწირველობა და ზიარება სამღვდელოთათვის დადგენილი წესით), თუ სასამართლოსვე განჩინებით კონკრეტული მსახურებისგან შეზღუდვა არ დაუდგინდა მას (იხ. პ. ბუმისი, კანონიკური სამართალი, გვ. 170; ეპ. ნიკოდიმ მილაში, მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი, გვ. 40). ასეთ შემთხვევაში დასაშვებია ზიარება როგორც ერისკაცისათვის დადგენილი წესით, ისე ქვემოთ მოცემული წესის შესაბამისად;
  5. გასათვალისწინებელია, რომ ზიარებისგან განყენებაც და მღვდელმოქმდების აკრძალვაც წარმოადგენს ე.წ. ძირითად სასჯელებს, რომელთა გამოყენება ერთდროულად დაუშვებელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წმ. ბასილი დიდის 70-ე კანონის თანახმად, მცირე შეცოდებისათვის, რომლისათვისაც დადგენილია მღვდელმოქმედების დროებითი აკრძალვა, იქვე მითითებულია, რომ ზიარება დაშვებულია სამღვდელო ხარისხის შესაფერისად. მეტიც, მოციქულთა 25-ე კანონის კომენტირებისას, ცნობილი კანონისტი და განმმარტებელი ალექსი არისტინე პირდაპირ ამბობს, რომ "[შემცოდე] არ შეიძლება უზიარებლობითაც დაისაჯოს, რადგან ამ გზით არ მოხდეს მისი ორგზის დასჯა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება კაცთმოყვარებას";
  6. სჯულისკანონის თანახმად, სამღვდელო პირის საქმეს განიხილავს მისი მმართველი მღვდელმთავარი. შესაბამისად, ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის (იაკობიშვილი) მოქმედება დეკანოზ გიორგისათვის ეპიტიმიის განსაზღვრის შესახებ, თუკი მამა გიორგი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის იურისდიქციაშია, წარმოადგენს მეორე მსოფლიო კრების მე-2 კანონისა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მე-7 თავის მე-17 პარაგრაფის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევას, რაც იმავე დებულების მე-2 თავის მე-8 პარაგრაფის თანახმად განხილულ უნდა იქნეს წმინდა სინოდის სხდომაზე.

კომენტარები