ციანიდის საქმე

მეუფე ანდრია: ეკლესიასთან მებრძოლი ძალები, მოხერხებულად "უჭერენ მხარს" მეუფე პეტრეს

მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა
patriarchate.ge

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა წერილს აქვეყნებს, სადაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას განცხადებებზეც საუბრობს. 

"დღეს მასმედიის საშუალებით, ეკლესიასთან მებრძოლი ძალები, მოხერხებულად "უჭერენ მხარს" მეუფე პეტრეს, ამეტყველებულ გმირად და „ცოდვის მორევში“ ჩაფლულ საპატრიარქოს დანარჩენ წევრებთან მებრძოლად ხატავენ მას, რითაც ეკლესიაში ქმნიან დაპირისპირების სახეს და ცდილობენ უნდობლობის შემოტანას, ხოლო საბოლოოდ კი, სავარაუდოდ, განხეთქილების მცდელობასაც კი უმიზნებენ.

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამ განხეთქილების, არც მომხრე და არც მხარდამჭერი თავად მეუფე პეტრე არ არის და არც იქნება, ტყუილად იმედოვნებენ მავანნი;

მეორე - ასეთი სახით, ასე ცალმხრივად მოვლენის გაშუქება და ამის მუდმივი ტრიალი, წერტილ-მძიმის გადაღეჭვით, წარმოაჩენს სხვადასხვა არხის და ტელეჟურნალისტის მიკერძოებას და შეკვეთის არსებობის ეჭვს აჩენს;

და მესამე, ყველა შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებული რიგი ინფორმაციის დაუზუსტებელია, რაც თავად მეუფეს უნდა გადაემოწმებინა. სამწუხაროდ, სიტყვა ითქვა და აწ უკვე მრავალგზის, სხვადასხვა ინტერპრეტაციებით მეორდება", - აცხადებს მიტროპოლიტი ანდრია. 

წერილში მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, მეუფე პეტრეს მიერ გამოთქმული ბრალდებების კომენტარს გვთავაზობს:

"მსურს რამდენიმე მაგალითის მოყვანა: ერთერთ საუბარში მეუფე პეტრემ ახსენა საქართველოს ეკლესიის უმოქმედობა მღვდელ თეოდორე ჩიხლაძის საქმესთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეკლესიამ არაფერი გააკეთა მის დასაცავად. მაგრამ მე ვამბობ, რომ იმის თაობაზე, თუ რა გააკეთა ეკლესიამ, რა გააკეთა კათოლიკოს-პატრიარქმა იმ დროს, საბჭოთა კავშირის პირობებში, მას სინოდის სხდომაზე გასცეს პასუხი. სამწუხაროდ, მეუფე პეტრემ ეს პასუხი ხმამაღლა არსად არ დააფიქსირა (ჩემთვის ცნობილი არაა ამის შესახებ, ხოლო თუ სხვაგვარადაა საქმე, მეუფე პეტრეს აქვე ვთხოვ შენდობას) და დღეს ბრალდების ნიაღვარი მოედინება, რომ ეკლესია არ იცავს თავის სასულიერო პირებს.

მეორე მაგალითი: გაიჟღერა, რომ საქართველოს ეკლესიამ უარი უთხრა, ერთ-ერთ სასულიერო პირს, წარმოშობით არაბს, თავისი მრავალრიცხოვანი მრევლით საქართველოს საპატრიარქოს წიაღში მიღების თაობაზე, რომ ეს საკითხი იყო განხილული რამდენიმე იერარქთან და არსებობდა კათოლოკოს-პატრიარქის სავარაუდო კეთილგანწყობაც, მაგრამ საკითხი ჩაიშალა პატრიარქის მდივან-რეფერეტის ქ-ნ შორენა თეთრუაშვილის ჩარევის და პატრიარქის გადარწმუნების გამო. პირადად მაქვს მეუფე პეტრესთვის ნათქვამი (მეუფის ინტერვიუს შემდეგ შედგა ეპისკოპოსების რამდენიმე შეხვედრა) და ახლაც ვიმეორებ, რომ იმ პიროვნების მიღება საქართველოს ეკლესიაში მიმაჩნია ეკლესიისთვის საფრთხის შემცველად და როგორც კი გავიგე ამ საკითხის შესახებ, ჩემი დამოკიდებულება მოვახსენე კათოლიკოს-პატრიარქს (ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ვისაც ეს აინტერესებს). იმ დღესვე, ასეთივე აზრი გამიზიარა რამდენიმე მღვდელმთავარმა. ვფიქრობ, მეუფე პეტრესთვის, ჩემი და სხვა ეპისკოპოსების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არ იყო ცნობილი, მაშინ როცა მან ეს ინტერვიუ მისცა.

ამიტომაც მან თავის გამოსვლაში ცალმხრივად ასახა ეგ მოვლენა. აქვე დავსძენ, რომ სინოდის წევრებს შორის ძირითად საკითხებში ერთობაა, მეუფე პეტრე ჩვენი ძმა და თანამწირველია, ჩვენ ყველა ერთად დავძლევთ არსებულ განსაცდელს და ერთად ვივლით ღვთისკენ მიმავალ გზაზე", - აცხადებს მიტროპოლიტი ანდრია.

კომენტარები