საქართველოს კონსტიტუცია

პრემიერი: კონსტიტუცია იქნება ყველაზე მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი კონსტიტუცია სრულ შესაბამისობაში იქნება დემოკრატიულ სტანდარტებთან.

"მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით. ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით დაიხვეწა და აბსოლუტურ შესაბამისობაში იქნება ყველაზე მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებთან, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოში და ევროპაში. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, იქნა მიღებული სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით. მოგეხსენებათ, გასული ათწლეულის განმავლობაში ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა მთელი პოლიტიკური სპექტრის მოთხვონის საგანი, მაგრამ არცერთხელ არ ყოფილა რეალურად პოლიტიკური ნება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელებულიყო", - ამბობს კვირიკშვილი.

პრემიერის თქმით, ახალი კონსტიტუცია ძალთა თანაბარ გადანაწილებას ითვალისწინებს მთავრობასა და პარლამენტს შორის. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ არაერთი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური კონსენსუსისთვის.

"ამას გარდა ცვლილებები, რომელსაც ითვალისწინებს ახალი კონსტიტუცია, სადაც პირდაპირ არის გაწერილი დაბალანსებული ძალთა გადანაწილება მთავრობას და პარლამენტს შორის, სადაც პარლამენტის როლი მნიშვნელოვნად იზრდება, სადაც მნიშვნელოვნად არის გამარტივებული მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარი იყო არსებულ კონსტიტუციაში და მორგებული იყო წინა პოლიტიკურ გუნდზე. ასევე, იმ გადაწყვეტილების გამო, რომ ჩვენ 2024-ში გადაგვალთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, 2020 წლის ერთი მოწვევის პარლამენტისთვის 3%-მდე ბარიერის დაწევა და ა. შ. უმარავი კომპრომისული ნაბიჯი იქნა გადადგმული ჩვენი გუნდის მიერ იმისათის, რომ მონახულიყო პოლიტიკური კონსენსუსის ნიადაგი. რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს, ვისმენთ ბრალდებებს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც აბსოლუტურად დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები, არის აბსოლუტურად მიუღებელი",- თქვა პრემიერმინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ვენეციის კომისიასთან მუშაობა კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით განხილვამდე გაგრძელდება.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ მთელი ეს პროცესი. გამოვთქვი ჩემი და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან მზადყოფნა, რომ გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მუშაობა მესამე მოსმენამდე და ასევე პოლიტიკური დიალოგიც. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არდანახვა იმ უზარმაზარი ნაბიჯების, რომლებიც გადადგა ჩვენმა გუნდმა, ნამდვილად არის პოლიტიკური აქტი მხოლოდ და მხოლოდ და იმის იქეთ არაფერი არ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ყველაფერ ამას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მოსაზრება არის აბსოლუტურად ობიექტური იმ პროცესების მიმართ რასაც დღეს აქვს ქვეყანაში ადგილი", - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციის პროექტი ორი მოსმენით მიიღო. კონსტიტუციის პროექტს, დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის გარდა, ოპოზიციის არც ერთმა წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა. ოპოზიციამ ბოიკოტის ნიშნად სხდომები დატოვა. 

კომენტარები