ეკონომიკური ზრდა

მაისში საქართველოს ეკონომიკა 5.3.%-ით გაიზარდა

Facebook.cpm/Babilon Tower

2017 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3% შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ეს კი ნიშნავს, რომ მაისის თვეში საქართველოს ეკონომიკა მთავრობის მიერ განსაზღვრულ საპროგნოზო 4%-ზე სწრაფად გაიზარდა. 2017 წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე კი ეკონომიკური ზრდა 4.5%-ია.

თვეების მიხედვით ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდები მარტსა და მაისში იყო, ყველაზე დაბალი კი აპრილში.

  • იანვარი - 5.2%
  • თებერვალი - 4.4%
  • მარტი - 5.3%
  • აპრილი - 2.1%
  • მაისი - 5.3%

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე დადებითი გავლენა მოახდინა 28%-ით გაზრდილმა ექსპორტმა, ასევე კომპანიების გაზრდილმა ბრუნვამ. მაისში კომპანიების ბრუნვამ 5.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა შეამცირეს. მაისამდე მსოფლიო ბანკი ქვეყანაში 5.2%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა 11 მაისს გამოქვეყნებული განცხადებით ბანკმა საქართველოს ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირდა, ასევე 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს სავალუტო ფონდიც.

2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები