დასავლური პრესა საქართველოზე

THE ECONOMIST: საქართველომ, როგორც ბრენდმა, თავისი ბრწყინვალება დაკარგა

ასწლოვანი ტიტა შავ ძღვაში
შოთა გუჯაბიძე

ბრიტანული გამოცემა The Economist-ი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, სადაც განსაკუთრებულად ხაზგასმულია ბიძინა ივანიშვილის, როგორც არაფორმალური ლიდერის, როლი ქვეყანაში. 

"საქართველო ანტიკური ხანიდანაა ცნობილი ექსცესიულობითა და ექსცენტრიულობით, იმ დროიდან, როცა მას ჯერ კიდევ კოლხეთი ერქვა, მედეასა და ოქროს საწმისის სამშობლო ბერძნულ მითოლოგიაში. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის, ქვეყნის ყველაზე მდიდარი და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე კაცის, ახალი ჰობი ქართული სტანდარტებითაც კი, ექსტრავაგანტულია. კარჩაკეტილი ოლიგარქი, რომელიც თბილისში შუშის ცათამბჯენში ცხოვრობს, ქვეყნის უძველეს და უმაღლეს ხეებს ყიდულობს, მათ თხრის და გზის ან გემების საშუალებით თავის შავ ზღვასთან არსებულ რეზიდენციაში გადააქვს,"- ამ სიტყვებით იწყება სტატიის შესავალი ნაწილი.

ავტორის თქმით, ქართველების დიდი ნაწილი ივანიშვილის ჰობით კმაყოფილია და იმედს იტოვებს, რომ ოდესმე ოლიგარქი მათი ხეებითაც დაინტერესდება. 

"100 წლის 650-ტონიანი ხე ტიტას კადრი, როცა ის ზღვით გადაჰყავთ, საქართველოში ბატონი ივანიშვილის როლის რეპრეზენტაციაა,"- წერს რედაქცია. 

სტატიაში პირდაპირი ტექსტით წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, რომელიც ოფიციალურად თანამდებობის არცერთ პოსტს არ იკავებს.

"მილიარდერი, რომელსაც არანაირი ოფიციალური პოსტი არ აქვს და კულისებიდან მართავს, არა მხოლოდ ფიზიკურ ნიადაგს ცვლის ქვეყანაში, არამედ პოლიტიკურსაც. მან საქართველოში ყველაზე დიდი საჯარო პირი, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამოძირკვა,"- წერია სტატიაში.

სტატიაში მოთხრობილია 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღწეული შედეგი, ის, თუ როგორ განვითარდა ქვეყანა და რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმატების მიღწევის მოდელს წარმოადგენდა. რედაქცია წერს, რომ 2012 წელს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები არა მათი რეფორმების, არამედ რეპრესიული სასამართლო სისტემის გამო წააგო. 

ამასთან ვკითხულობთ, რომ რაღაც მხრივ, საქართველოში დღეს უფრო მეტი თავისუფლებაა, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის დროს. ავტორი განმარტავს, რომ ამაში სასამართლო განაჩენების ზრდასა და მოსახლეობაში დევნის შიშის გაქრობას გულისხმობს. თუმცა, მიუხედავად ამისა, წერს გამოცემა, ქვეყანა მნიშვნელოვან უკუსვლას განიცდის. 

"ეკონომიკური ზრდა 3%-ის ირგვლივ ტრიალებს, რაც გაცილებით მცირეა, ვიდრე სააკაშვილის პერიოდში ორნიშნა ეკონომიკური მაჩვენებელი. საქართველომ, როგორც ბრენდმა, თავისი ბრწყინვალება დაკარგა. ოდესღაც მოდერნიზაციის მოდელი და ერთერთი გამონაკლისი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, რომელმაც წარმატებას მიაღწია, დღეს ერთი რეჟიმიდან მეორეში გადასვლის სირთულეებს განიცდის. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილი საქართველოს თავის სათამაშო მოედნად აღიქვამს. სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ოლიგარქებს კი, ივანიშვილისა შურთ,"- ვკითხულობთ სტატიაში. 

რედაქცია, ასევე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაშლაზეც წერს. ისინი აღნიშნავენ, რომ გიგა ბოკერია ენმ-ის რეფორმების მთავარი ტვინი იყო. ბოკერიამ, The Economist-თან საუბრისას თქვა, რომ გასული წლის შემოდგომაზე ენმ-მ არჩევნები მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შიშის გამო წააგო. 

"ენმ-ის გაყოფა, შესაძლოა, ტექნიკურად ივანიშვილს აწყობდეს, თუმცა გაყოფით მას პოლიტიკური მტრის ხატი წაერთვა: სააკაშვილის პარტიის დაშლა „ქართული ოცნების“ არსებობის მთავარი მიზანი იყო,"- წერს რედაქცია. 

სტატიაში საუბარია ილია II-ის ინიციატივაზეც, ქვეყანაში მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით და ამ თემაზე მმართველი გუნდის ორაზროვან პასუხებზეც. ასევე, ვკითხულობთ "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე, რაზეც ავტორი წერს, რომ ცვლილებების პაკეტი მხარდაჭერის ნაკლებობას განიცდიდა. საუბარია იმაზეც, რომ ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" ცვლილებათა პაკეტს დაჩქარებული წესით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უყარა კენჭი. 

სტატიის ბოლო ნაწილში ვკითხულობთ, რომ "საზოგადოებრივი ცხოვრება საქართველოში სულ უფრო და უფრო ნაკლებად თავისუფალი ხდება". 

"აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა თბილისიდან მაისში გაიტაცეს და ის აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადაეცა. ივანიშვილის გუნდის მცდელობა, რომ რუსთავი 2-ზე კონტროლი დაემყარებინათ, სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა,"- წერია სტატიაში.

ამასთან სტატიის ავტორი იხსენებს აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი ფარცხალაძის, დაპირისპირებასაც. 

სტატიის დასასრულ ავტორი ოქტომბერში დაგეგმილ თბილისის მერის არჩევნებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები "კიდევ ერთი ტესტი იქნება საქართველოსთვის". "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატზე, ელენე ხოშტარიაზე, საუბრისას ამბობს, რომ ის პარტიის ქალი სახეა, რომელიც ხშირად საუბრობს ადამიანების გაჭირვებაზე. თბილისის მერობის დანარჩენ კანდიდატებს კი The Economist-ის რედაქცია შემდეგნაირად აფასებს:

"საარჩევნო ველი მოიცავს საფეხბურთო კლუბ "მილანის" ყოფილ ფეხბურთელს ("ქართული ოცნებიდან"), პოპულარული ტელევიზიის წამყვანს ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან") და აუთსაიდერს, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, იმიჯის მორგებას ცდილობს.

კომენტარები