საფინანსო კომპანია საქართველო

მთავრობა "საქართველოს" მეანაბრეებს: ზარალის ანაზღაურება კერძო კომპანიის მოვალეობაა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაცია საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეების საპროტესტო აქციებს ეხმაურება, რომლებიც ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

მთავრობა განცხადებაში წერს, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნის ადრესატი სახელმწიფო ვერ იქნება, რადგან საუბარია კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობაზე.

"უპირველეს ყოვლისა, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უწყებებმა შესაბამისი რეაგირება განახორციელეს. კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ბრალდებით, შპს საფინანსო კომპანია "საქართველოს" დირექტორი და მმართველი დააკავა. პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს მითვისებისა და გაფლანგვის მუხლით და აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურების მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნის ადრესატი სახელმწიფო ვერ იქნება, ვინაიდან საუბარია კერძო სუბიექტებს შორის ურთიერთობაზე და ზარალის ანაზღაურებაც კერძო კომპანიის მოვალეობაა", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობა მოუწოდებს დაზარალებულ მოქალაქეებს, დაელოდონ გამოძიებასა და სასამართლო პროცესის დასრულებას.

"გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეები არაერთხელ გააფრთხილა შესაძლო რისკების შესახებ და მოუწოდა მათ, მეტი სიფრთხილით მოკიდებოდნენ ეროვნული ბანკის მიერ არარეგულირებად ინსტიტუტებში საკუთარი სახსრების განთავსებას, ხოლო რისკის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ მოეძიებინათ ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების საქმიანობისა და გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, აღნიშნულ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტები მოქმედებენ მათი კომპეტენციის ფარგლებში. გვსურს, მოვუწოდოთ დაზარალებულ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებისგან და დაელოდონ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დასრულებას", - წერია განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები