ე.წ კანონიერი ქურდი

შსს: წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ორი ე.წ კანონიერი ქურდი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცავებმა 1990 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ხ.ხ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ხ.ხ. 2014 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. ბრალდებული 2014 წლიდან საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. „ქურდულ გარჩევებში“. - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცავებმა იმავე ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ფ., კანონიერი ქურდობის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ფ. 1999 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. დაკავებული 2004 წლიდან რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. „ქურდულ გარჩევებში“.

გამოძიება ორივე შემთხვევაზე, კანონიერი ქურდობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, მიმდინარეობს.

კომენტარები