ქართული ოცნება

ქუცნაშვილი: საქართველოში მართლმადიდებელ პარლამენტართა გენ. ასამბლეა ჩატარდება

facebook.com/KvirikashviliOfficial

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა "კვირას" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოში 2019 წელს მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეა გაიმართება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს "კარგი და მნიშვნელოვანი ამბავია".

"მართლმადიდებელ პარლამენტართა ასამბლეა წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დაკავებულია ევროპული რელიგიის, მართლმადიდებლობის პროპაგანდით მთელ მსოფლიოში, 25 ქვეყანაა მთელ მსოფლიოში გაერთიანებული ამ ორგანიზაციაში - ევროპის, აზიის, აფრიკის და ამერიკის კონტინენტიდან. ამ ორგანიზაციას 24-წლიანი ისტორია აქვს და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველად ჩატარდება საქართველოში," - ამბობს დეპუტატი. 

ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, რატომ არის საქართველოსთვის აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანი?

"პირველი იმის გამო, რომ ეს გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას. მეორე იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის რელიგიური ტურიზმისადმი ინტერესს და, ამ კუთხით, მოგეხსენებათ, საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა. მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთი დამატებითი მოზიდულობა იქნება.

მესამე ეს გახლავთ ახალი პლატფორმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო საზღვრებთან ერთად აღიარებს და იცავს საეკლესიო საზღვრების მთლიანობას, ეს მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეაა და ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი იმისა, რომ მოსკოვის პატრიარქმა კირილმა არ აღიარა რეგიონების ეკლესიების დამოუკიდებლობა, მან თავიდან ბოლომდე დაიცვა საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია, თუმცა გვაქვს მეორე სამწუხარო რეალობა, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მედვედევ-პუტინის სახით არღვევს საქართველოს მთლიანობას, ცნობილი აღიარების პაქტით. ამიტომ, ვფიქრობ, გამოვიყენოთ ეს პლატფორმა იმისათვის, რომ ეკლესიის წარმატებული მაგალითი გამოყენებული იყოს საერო ხელისუფლებასთან მიმართებაში,"- აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი. 

კომენტარები