გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება

თარგამაძე: გამოძიებას უნდობლობას ვუცხადებ, ვაგრძელებ საკუთარ გამოძიებას

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

დღეს ევროპული საქართველოს წევრ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. თარგამაძე სხდომას უნდობლობის ნიშნად არ დაესწრო.

თარგამაძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ აპირებს გააგრძელოს საკუთარი გამოძიება, რათა დაადგინოს მის საქმეში ფიგურანტი ყველა პირი.

"ვაპირებ გავაგრძელო საკუთარი გამოძიება. საკმაოდ შორს ვარ წასული. პრაქტიკულად ჩემთვის ცნობილია უშუალოდ ტერაქტის განმახორციელებელი ყველა პირი, ასევე ცნობილია დაკავშირებული პირები. ისინი გამოკვეთილია გამოძიებაშიც, მაგრამ მათ მიმართ არ ტარდება არც ოპერატიული და არც პროცესუალური მოქმედებები. ჩემთვის ასევე ცნობილია დაკვეთის მიმართულება, ეს არის როგორც რუსული, ასევე ქართული სპეცსამსახურები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ასევე ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი.

დასაზუსტებელი დამრჩა ის დამკვეთები, რომლებმაც ჩემი პერსონიფიცირება მოახდინეს, როგორც ტერორისტული აქტის ობიექტის და მოსაძიებელი მაქვს დამატებით მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი გამოძიების შედეგებს გაამაგრებს. ამას მე გავაკეთებ და მაშინ როდესაც სასამართლო იქნება იმ კონდიციაში, რომ ასეთი საქმეები განიხილოს, განიხილავს კიდეც", - თქვა გივი თარგამაძემ.

თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ მთავარი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ლიკვიდირებულია. თარგამაძე ხეჩუაშვილის ადვოკატს მოუწოდებს, რომ თუ ბრალდებული ცოცხალია, მისი მოსკოვში მუშაობის დამადასტურებელი საბუთი წარმოადგინოს.

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა.

ევროპული საქართველოს წევრი რამდენიმე თვეა, მისი აფეთქების საქმისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს, თუმცა პროკურატურამ საქმე არ გადააკვალიფიცირა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები