საიმიგრაციო პოლიტიკა

ინდოელი ბიზნესმენი აკბარ ქუშერი საქართველოში არ შემოუშვეს

squaremouth.com

ინდოელი ბიზნესმენი აკბარ ქუშერი საქართველოში არ შემოუშვეს. ბიზნესმენი ამბობს, რომ მას ყველა საჭირო საბუთი ჰქონდა, თუმცა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მესაზღვრეებმა შემოსვლის უფლება არ მისცეს.

ბიზნესმენი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას ითხოვს.

"ვეწევი ქველმოქმედებას ჩემს ქვეყანაში. მთავრობისგან მაქვს ჯილდოები მიღებული სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ამას აღიარებს გაეროც. ბოლო ორ წელია ჩამოვდივარ საქართველოში. საკმაოდ დიდი ინვესტიცია მაქვს ჩადებული 10-ზე მეტი ობიექტში. ასევე მაქვს სოლიდური ანგარიში TBC ბანკის ბალანსზე. ვხელმძღვანელობ მასშტაბურ პროექტს საქართველოში, მაგრამ, რაც გუშინ მოხდა საზღვარზე, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ყველაზე ცუდი, რაც კი ცხოვრებაში გადამხდენია. მესაზღვრეს ვაჩვენე ყველა საბუთი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციის მიერ გაცემული. ეს საბუთები მიუთითებს იმაზე, რომ სუფთა ვარ და არასდროს არაფერი დამირღვევია. დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, მესაზღვრე მეორეს დაელაპარაკა. 5 წუთი ველოდებოდი. ამასობაში დავურეკე ჩემს ადვოკატებს, რომ გამერკვია რა ხდებოდა. მეორედ ვკითხე, რიგზე იყო თუ არა ყველაფერი. მითხრეს, მომეცადა. შემდეგ გამომართვეს პასპორტი და მანიშნეს გავყოლოდი. ვიფიქრე, კიდევ უნდა დავეკითხე მქონდა თუ არა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი. ეს შეკითხვები მანამდეც დამისვეს. შემდეგ შემიყვანეს ბარგის შესამოწმებელ ოთახში. მომცეს ჩემი ბარგი და მე ისევ ვკითხე, რიგზე იყო თუ არა ყველაფერი. ავედით მეორე სართულზე და აღმოვჩნდი გამგზავრების გეითთან",- რ2-ის ცნობით, ამბობს ინდოელი ბიზნესმენი.

ის დღესაც ეცდება ქვეყანაში შემოსვლას და უარის შემთხვევაში აპირებს, რომ საქართველოში ბიზნეს საქმიანობა შეწყვიტოს.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში არ შემოუშვეს ინდოეთის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც მესაზღვრეების მხრიდან არასათანადო მოპყრობის გამო ინდოეთში საქართველოს ელჩს წერილით მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ "ბუნებრივია, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უარი ეთქმევა ქვეყანაში შემოსვლაზე".

უწყებისვე ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურები განსაკუთრებულად კონტროლდება ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ.

შსს-ში ამბობენ, რომ 2017 წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ინდოეთის 6517 მოქალაქემ გადმოკვეთა.

"აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მესაზღვრე-კონტროლიორს გააჩნია კანონით მინიჭებული უფლება, უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე, როდესაც მოქალაქე არ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს ინტერვიურების დროს ან უფლებამოსილ პირს აძლევს ყალბ ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ.

სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში მოქალაქეების შემოწმება ხდება მსოფლიოში დამკვიდრებული, საყოველთაოდ აღიარებული მეთოდების გამოყენებით. იგივე პროცედურები უტარდებათ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნების საზღვრების კვეთის დროს", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები