საკონსტიტუციო ცვლილებები

მთავრობის ადმინისტრაცია: ბუკიკიომ პრემიერს უთხრა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი

radiotavisupleba.ge

მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ტელეფონზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს ესაუბრა. პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში აქტიური ჩართულობისა და იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ხელისუფლება ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით, დიალოგის გაგრძელების მიმართულებით დგამს.“

ასევე მთავრობის ადმინიტრაციის ინფორმაციით, ჯანი ბუკიკიომ კვირიკაშვილს უთხრა, რომ დღეს კიდევ უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მეტად პლურალისტური.

„ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა პოზიტიურ და წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საქართველოში მისი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლების მიერ, ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების კუთხით გადადგმული ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი მერობის კანდიდატი წარმოდგენილი იყოს საკრებულოს საარჩევნო სიაშიც. ამ ცვლილებას ოპოზიციური პარტიებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჯანი ბუკიკიომ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრის დასასრულს განაცხადა, რომ დღეს კიდევ უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და მომდევნო მოწვევის პარლამენტი იქნება მეტად პლურალისტური."- წერია მთავრობის ადმინიტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, საქართველოში ვიზიტისას, საარჩევნო სისტემის შეცვლის გადადებაზე საუბრისას თქვა, რომ დამწუხრებული და იმედგაცრუებულია. მისივე თქმით, "ქართველები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, შეთანხმებული იყვნენ, რომ წინ წასულიყვნენ და ჩვენი მოკრძალებული რჩევითა და დახმარებით კარგი საქმე გავაკეთეთ. ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას."

 

 

კომენტარები