საკონსტიტუციო ცვლილებები

ოპოზიციას, პრეზიდენტს და NGO-ებს კონსტიტუციის პროექტზე საერთო შენიშვნები აქვთ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კონფერენცია გამართეს. პარტიებისა და არასამთავრობოების მთავარი შენიშვნები საარჩევნო სისტემას უკავშირდება, რომლითაც 2024 წლამდე გადავადდება მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, იცვლება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი და უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები.

"რაც მივიღეთ [კონსტიტუციის პროექტი] აბსოლუტურად დაცლილია კონსენსუსისგან და ძალიან დაბალი ლეგიტიმაციის მქონეა, ამაზე მგონი აღარავინ დავობს განსაკუთრებით საერთაშორისო შეფასებების შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენ გვინდა ამ პროცესს ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია, თუ ჩვენ გვინდა პროცესი იყოს კონსენსუსის შედეგზე დამყარებული, უნდა გაჩერდეს ის, რაც აქამდე იყო და უნდა დაიწყოს დიალოგის ახალი ფორმატი", - ამბობს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე.

"ოცნებამ მოატყუა მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება. ქვეყანა შეიყვანა პოლიტიკურ ჩიხში. ერთ მხარეს არის მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობოები, საერთაშორისო საზოგადოება, მეორე მხარეს კი ქართული ოცნება", - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა.

"როდესაც მმართველი ძალა ართმევს ხალხს იმის შესაძლებლობას, რომ არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება, ეს მთავრდება სერიოზული დაპირისპირებით და არა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლით. ნუ გავაკეთებთ ამას, ეს ჩვენი არჩევანი არ არის", - ამბობს დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

"სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ გადაიფიქრა და 2024 წლისთვის დაგეგმა საარჩევნო რეფორმა და 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე ფაქტობრივად იგივე სისტემა გვექნება რაც დღეს. სწორედ ამიტომ შევიკირიბეთ, რათა ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ. ჩვენ ყველანი, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო საზოგადოება და ვენეციის კომისია ვთანმხდებით, რომ სრულიად მიუღებელია ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო მმართველმა გუნდმა", - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი ლევან ნატროშვილი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები