თაღლითობა

თბილისში აშშ-ის საელჩოდან $2.3 მილიონი დოლარის ღირებულების დიზელი მოიპარეს

KCCT

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისის (OIG) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თბილისში ამერიკის საელჩოდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის საწვავი მოიპარეს. ანგარიში 2016 წელს შეეხება.

"მენეჯმენტის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი საზღვარგარეთ არსებულ ზოგიერთ მისიაში თაღლითური სქემების გაჩენას. გენერალური ინსპექტორის ოფისმა (OIG) და დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურმა (DS) გამოავლინა თბილისში აშშ-ის საელჩოდან დიზელის საწვავის ფართომასშტაბიანი ქურდობის შემთხვევა, რაც დაახლოებით $2.3 მილიონ დოლარს შეადგენს,"- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისის ანგარიშში. 

ტაბულა OIG-ის ანგარიშთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს დაუკავშირდა, საიდანაც წერილობით გვიპასუხეს, რომ აშშ-ის მთავრობა თაღლითობას, გაფლანგვასა და უფლებამოსილების გადამეტების ნებისმიერ ფაქტს ებრძვის, აღნიშნულ საქმეზე კი გამოძიება მიმდინარეობს.

"ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ.

კომენტარს არ ვაკეთებთ მიმდინარე გამოძიებებზე.

თაღლითობისა და კორუფციის ადგილი არ არის არცერთ ორგანიზაციაში. ამერიკის მთავრობა ებრძვის თაღლითობის, გაფლანგვისა და უფლებამოსილების გადამეტების ნებისმიერ ფაქტს გამოაშკარავების შემთხვევაში. ამერიკის საელჩო საქართველოში აქტიურად იღებს ზომებს ამ მიმართულებით", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს წერილში. 

3 ივლისს სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისმა თბილისის საელჩოში კიდევ ერთი თაღლითური სქემის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც საელჩოდან თაღლითებმა $160 ათასი დოლარი მიითვისეს. სქემა ეხება საელჩოს ტერიტორიაზე პერსონალური მომსახურების (კაფეტერიის, ქიმწმენდის, სალონის, ავტოსამრეცხაოსა და სხვა მომსახურებების) მიმწოდებელ სახელმწიფო კომპანია TEA-ს ფინანსებს.

ამ კომპანიიდან 2010 წელს 8 700 დოლარი დაიკარგა, 2011 წელს 38 900 დოლარი, 2012 წელს 46 100 დოლარი, 2013 წელს 44 200 დოლარი, 2014 წელს კი 21 800 დოლარი დაიკარგა. როგორც ირკვევა, კომპანიის საბუღალტრო სისტემის უსაფრთხოება სათანადოდ დაცული არ იყო, რის გამოც მასში კორექტირებების შეტანა და არარსებული ოპერაციების შესრულება იყო შესაძლებელი.

კომენტარები