კონსტიტუციის პროექტი

პრეზიდენტი ხელისუფლებას კონსტიტუციის პროექტზე მოლაპარაკებას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობოებს სთავაზობს. პრეზიდენტის პოლიტიკური ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრემიერ კვირიკაშვილის გუშინდელი განცხადება, რომელიც მკაფიოდ მიანიშნებდა ამ საკითხებზე.

"უახლოეს ხანებში, ალბათ, ორშაბათს იქნებ გავმართოთ შეხვედრა, დავიწყოთ დისკუსია და ჩამოვყალიბდეთ იმ საკითხთა ნუსხაზე, რომელთა შესახებაც არის მზაობა კონსენსუსთან დაკავშირებით. დღეს უკვე ყველა ვაცხადებთ იმას, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია არ იქნება მაღალი ლეგიტიმაციის და დაბალი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრას. ამიტომ, ნუღარ დავაყოვნებთ, რაც უფრო მეტი განცხადება გაკეთდება, შესაძლოა, გაჩნდეს ახალი საკითხები და ამან ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვიოს საზოგადოებაში. გადავდგათ კონრეტული ნაბიჯები, შევიკრიბოთ, ჩამოვყალიბდეთ, რა საკითხებზე შეგვიძლია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და რით შეგვიძლია ვუპასუხოთ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მკაფიო მოწოდებას, რეკომენდაციას და მითითებას ამ პროცესთან დაკავშირებით", - თქვა ფიქრია ჩიხრაძემ. 

ევროპული საქართველო პრეზიდენტის შემოთავაზებას თანხმდება, თუმცა, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ამბობს, მაგრამ, პირველ რიგში "მმართველი ძალა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ისევ განაგრძობს სპექტაკლს თუ მათი მხრიდან არის რეალური პოლიტიკური ნება, შეიცვალოს სიტუაცია და გაუმჯობესდეს კონსტიტუცია", - თქვა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები