ე.წ ციანიდის საქმე

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდების მოწმის სახით ოქრომჭედლები დაკითხეს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ე.წ ციანიდის საქმის განხილვისას ბრალდების მოწმის სახით დღეს ოქრომჭედლები დაკითხეს, რომლებმაც თქვეს, რომ ოქრომჭედლობაში ციანიდი არ გამოიყენება. ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურამ ისეთი ოქრომჭედლები მოიყვანა, რომლებსაც არცერთი ხატი არ მოუჭედიათ და რომ პროკურატურა სამართლებრივი თვითგვემითაა დაკავებული.

"პროკურატურამ ვერ გაბედა, რომ მოეყვანა ისეთი მოწმე, რომელსაც მართლა ოქრომჭედლობისთვის და ხატების მოსაჭედად სჭირდებოდა საპატრიარქოში ციანიდი და მოიყვანა ადამიანი, რომელსაც არცერთი ხატი არ აქვს საპატრიარქოში მოჭედილი, სამაგიეროდ აკეთებს სამაჯურებს, ალბათ, ირონიულიც არის ეს ყველაფერი,"- ამბობს ადვოკატი გიორგი ფანცულაია. 

"როგორც ჩანს, პროკურატურა სამართლებრივი თვითგვემით არის დაკავებული. არ ვიცი, ეს რა სპორტია. მოჰყავს მოწმეები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ბრალდებასთან, არც ციანიდის ნაწილში და არც იარაღის ნაწილში. თეთრუაშვილის ექიმი დაიკითხა, რომელმაც უმკურნალა რაღაც მალამოებით. კითხვა იყო დასმული, სჭირდებოდა თუ არა მას მალამოებში, რომლითაც ის მკურნალობას ატარებდა, გველის შხამი. მან თქვა, რომ თვითონ გველის შხამს არ იყენებს, მაგრამ ჩვენ დავკითხეთ სხვა ექიმი წინა სასამართლო სხდომაზე, რომელმაც განაცხადა, რომ გველის შხამი გამოიყენება მალამოების დამზადების პროცესში,"- თქვა ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა. 

პროკურორი ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ მოწმეების ჩვენებების შედეგად, დადასტურდა, რომ ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ცრუობდა. 

"ბრალდებული განმარტავდა, რომ თითქოს ექიმს სჭირდებოდა გველის შხამი, რათა მკურნალობა გაეწია შორენა თეთრუაშვილისთვის. დაიკითხა კონკრეტული ექიმი, რომელმაც განმარტა, რომ არასდროს არ გამოუყენებია გველის შხამი მალამოს დასამზადებლად და არც შორენა თეთრუაშვილს უთხოვია, რომ მოეტანათ. ოქრომჭედლებმაც განმარტეს, რომ მათ არასდროს პრაქტიკაში არ გამოუყენებიათ არც ნატრიუმის ციანიდი, არც კალიუმის ციანიდი. კიდევ ერთხელ გაირკვა, რომ ბრალდებული ყოველთვის იტყუებოდა," - აცხადებს პროკურორი. 

კომენტარები