თვითმმართველობის არჩევნები

ელისაშვილის მიერ შეხვედრის დაანონსების შემდეგ, გუდიაშვილზე სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან წარდგენის ადგილად ოფიციალურად დააანონსა გუდიაშვილის მოედანი, თბილისის მერიამ ადგილზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო. 

"ორი წელია გადათხრილია და ერთი ცალი მუშა არ უნახავთ ამ ორი წლის განმავლობაში. ვთქვი, რომ გუდიაშვილზე ვაკეთებ წარდგენას-მეთქი, ეს ამბავი გავრცელდა გუშინწინ საღამოს და გუშინ მივიდნენ ტრაქტორებით, რაღაც უზარმაზარი მანქანებით და მივიდა 50 მუშა. დღეს დილით ისეთი ამბავი ხდებოდა, რომ ყირაზე გადადიან და ნუ, იქ არაოფიციალურად მითხრეს, რომ დავალება გვაქვსო, რომ სამშაბათისთვის გზა დავაგოთო,"- ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილის თქმით, ის აპირებს, რომ თბილისის მერს, დავით ნარმანიას, ორშაბათს ოფიციალური წერილით მიმართოს, რომ ტრაქტორებით გზა არ გადაუღობონ და დააანონსებული შეხვედრის ჩატარება შეძლოს.

"ტაბულას" კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ სარემონტო სამუშაოები სამშაბათამდე არ დასრულდა, სად აპირებს შეხვედრის ჩატარებას, დამოუკიდებელი კანდიდატი გვპასუხობს, რომ შეხვედრის ადგილს არ შეცვლის.

"მე ჩავატარებ გუდიაშვილის მოედანზე, ამდენად, იმედი მაქვს, რომ სამშაბათამდე მორჩებიან იმ ფაცი-ფუცს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე სამშაბათს 21:00 საათზე ჩავატარებ გუდიაშვილის მოედანზე,"- ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

"ტაბულა" ცდილობს თბილისის მერიასთან დაკავშირებას, უახლოეს ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები