მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადაცია

სუბარი: ჩაბუქი ევროპული სტანდარტების ციხეში მოთავსდება, არ დაექვემდებარება წამებას

სოზარ სუბარი
ტაბულა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, "იმედის" ეთერში მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის არმინიჭებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მართალია ლტოლვილის სტატუსის მინიჭება აჩერებს ექსტრადირებას, მაგრამ სტატუსზე უარის თქმა სულაც არ ნიშნავს ექსტრადირებას. 

სუბარმა აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ ჩაბუქს ევროპული სტანდატების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ. 

"საქართველოს სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში პროკურატურამ, მიიღო დიპლომატიური გარანტიები ჩაბუქთან დაკავშირებით, რომ ის მოთავსდება ევროპული სტანდარტების მქონე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არ დაექვემდებარება არანაირ წამებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობას, საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს ექნებათ საშუალება, ინახულონ ეს ადამიანი და შეამოწმონ მისი მდგომარეობა. ეს იმ შემთხვევაში, თუ მისი ექსტრადირება მოხდება,"- ამბობს სოზარ სუბარი. 

მინისტრი ამბობს, რომ თურქეთის მხარემ საქართველოს პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს ჩაბუქზე შესაბამისი მასალები უნდა გაუგზავნოს და ამის შემდეგ გადაწყდება, მოხდება მისი თურქეთისთვის გადაცემა, თუ არა. 

გუშინ, 7 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

სამინისტროს სტატუსის მინიჭების თაობაზე ბრალდებულის ოჯახმა და ადვოკატმა მიმართეს. ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, მის მიერ შეგროვილი 260- გვერდიანი მასალა ადასტურებს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ჩაბუკის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარაუდო კავშირის გამო მოითხოვა. ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღო, არ დასტურდება ჩაბუკის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ადვოკატის ინფორმაციით, ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, მათ შორის, ორი წელი - მუდმივად.

კომენტარები