რეპერების საქმე

შს მინისტრი: ბირჟა მაფიამ სისტემის დაკნინება სცადა, ამის უფლება არავის აქვს

შინაგან საქმეთა მინისტრი "იმედის კვირასთან" ინტერვიუსას საუბრობს "ბირჟა მაფიას" რეპერების დაკავების საქმეზე და იმაზე, რომ სავარაუდოდ, რეპერები კლიპში პოლიციელის გაშარჟების გამო დააკავეს.

მღებრიშვილი ამბობს, რომ დაკავებამდე მას ეს კლიპი ნანახი არ ჰქონდა და მხოლოდ მაშინ ნახა, როცა რეპერები უკვე დაკავებული ჰყავდათ. შს მინისტრის თქმით, კლიპმა მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა.

"მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ამ კლიპმა ჩემზე ეს არ არის კონკრეტული პოლიციელის გაშარჟება, ესაა მთელი სისტემის დაკნინების მცდელობა. უბრალოდ, სირცხვილია მსგავსი კლიპების გადაღება, როდესაც დღეს და ღამეს ასწორებენ პოლიციელები ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მაშინ, როდესაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დევს სასწორზე,"- ამბობს მინისტრი.

გიორგი მღებრიშვილი აღიარებს, რომ სამინისტროში ზოგჯერ შეცდომებიც მოსდით, თუმცა ამის მიზეზად 24-საათიან სამუშაო გრაფიკს ასახელებს. 

"ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, 24 საათი ვმუშაობთ და შესაბამისად, შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება, რომ პოლიციელი დააჩოქოს, ყელზე ბაწარგამობმული ატაროს და პირში ძვალი ჩასჩაროს. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, პირდაპირ გეუბნებით, მე სასტიკად არ მომეწონა ეს კლიპი და იმ ქვეყანას, სადაც პოლიციელს და ჯარისკაცს პატივს არ სცემენ, მომავალი არ აქვს,"- ამბობს მღებრიშვილი. 

12 ივნისს "ბირჟა მაფიას" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 50 000 და 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა. გამოსვლისას მგალობლიშვილმა სწორედ ამ სიმღერის რეჩიტატივი წაიმღერა, რის გამო დაკავებაზეც თავად საუბრობს.

სატირულ ჰიპ-ჰოპ პროექტ ბირჟა მაფიას წევრები, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 7 ივნისს ნარკოტიკ MDMA-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლო პროცესებზე დაკავებულებმა დანაშაული გამორიცხეს და პოლიციელები "ფერადი შეფერილობის ტაბლეტების" ჩადებაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, სამართალდამცველები ახსენებდნენ მათ კლიპს, რომელშიც პოლიციელი მუხლებზე იდგა და თოკზე იყო გამობმული და ეუბნებოდნენ, რომ ამის გამო "ვიღაც ძალიან გაღიზიანდა". ასევე, ამბობდნენ, რომ მათ დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შემდეგ, მოძრაობა თეთრი ხმაურის ორგანიზებით, პარლამენტის ძველ შენობასთან მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა, რასაც მოჰყვა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის პოსტი ფეისბუქზე, სადაც მათ გათავისუფლებაზე მიუთითებდა. ამის შემდგომ, განცხადებები გააკეთეს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ. მათ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და პოლიციელების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს. 11 ივნისს პროკურატურამ სამართალდამცველების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები