აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე: შვეიცარიელებთან საბაჟო მონიტორინგის კონტრაქტის გაფორმებას განვსაზღვრავთ

პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გამართული გრიგორი კარასინთან შეხვედრა შეაჯამა. აბაშიძის თქმით, ქართული მხარის ამოცანა იყო მიეღო კონკრეტული პასუხი, 2011 წელს ორ ქვეყანას შორის საბაჟო მონიტორინგის შესახებ გაფორმებულ შეთანხმების იმპლემენტაციაზე.

"ჩვენი ამოცანა იყო მიგვეღო რაღაც კონკრეტული, ნათელი პასუხი რუსეთის მხრიდან, ვიწყებთ თუ არა ამ შეთანხმების რეალიზაციის, იმპლემენტაციის ეტაპს. დავაყენეთ საკითხი იმ კუთხით, რომ შევთანხდეთ უკვე, განვსაზღვროთ ვადები, როდის შეიძლება მოეწეროს ამ შეთანხმებას ხელი. საქართველოს მხარე ცალსახად არის დაინტერესებული, რომ ეს შეთანხმება ამოქმედდეს", - აღნიშნა პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

ზურაბ აბაშიძის თქმით, მხარეები შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად გასაზღვრავენ, როდის მოხდება საზღვრებზე შვეიცარიელი მონიტორების განთავსებაზე კონტრაქტების გაფორმება.

"შევთანხმდით იმაზე, რომ შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად განვსაზღვრავთ, თუ როდის მოხდება ამ კონტრაქტების გაფორმება შვეიცარიულ კომპანიასთან საქართველოში და რუსეთის მხრიდანაც ანალოგიური კონტრაქტის გაფორმება შვეიცარიულ კომპანიასთან. ამაზე ვიმუშავებთ შვეიცარიელებთან ერთად. სასურველია უახლოეს პერიოდში მოხდეს ეს და გადავიდეთ იმპლემენტაციის სტადიაზე", - თქვა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრაღაში გრიგორი კარასინთან შეხვედრა 7 ივლისს გამართა.

კომენტარები