მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე

NGO-ები: ჩაბუქის საქმეზე სამინისტროს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და თვითნებურია

არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე  ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვტილებას ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს რომ უარი დაუსაბუთებელი, თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულებაა.

„ჩაბუქის საქმეზე სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელია და არ არის გამყარებული ინდივიდუალური საქმის სათანადო შემოწმების შედეგებით, ობიექტური მტკიცებულებებითა და წარმოშობის ქვეყანაში არსებული უფლებრივი და პოლიტიკური კონტექსტის რეალისტური შეფასებით. მათ შორის, ტექსტში არ არის მითითებული და გაბათილებული საერთაშორისო ორგანიზაციების უკიდურესად კრიტიკული ანგარიშები თურქეთში არსებულ მძიმე უფლებრივ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებაში გამოყენებული ძირითადი არგუმენტი ემყარება სადავო მტკიცებას, რომ ფეთულაჰჰ გიულენის ორგანიზაცია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული და ამ ორგანიზაციის წევრების ქმედებების მიმართ სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა ლეგიტიმურია. აღნიშნულის მტკიცებისას სამინისტრო სრულად უგულებელყოფს ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასობრივი და ბლანკეტური დარღვევის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, რომელიც აღნიშნულ პროცესს კანონიერ ბუნებას არსებითად უცვლის და პოლიტიკურ შინაარსს სძენს.“ წერია არასამტავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სამინისტროს შეფასებები, თურქეთში სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიების არსებობისა და ციხეებში უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების,  შესახებ, აბსურდული და უსაფუძვლოა. ხელმომწერი ორგანიზაციები გმობენ სამინისტროს ამ გადაწყვტილებას და მოუწოდებენ სამინისტროს მისი საქმიანობა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ასევე მოწოდებებით მიმართავენ საერთო სასამართლოებს, იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტს.

„-მოვუწოდებთ საერთო სასამართლოებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ საქმე ადამიანის უფლებების სტანდარტების ჯეროვანი გამოყენებითა და დაცვით განიხილონ და ეფექტიანად უზრუნველყონ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის კონსტიტუციური ფუნქციის შესრულება;

- მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობას, არ დაუშვას მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში, რადგან ეს გადაწყვეტილება არსებითად დაარღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და რადიკალურად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს;

- მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაიაზროს მუსტაფა ჩაბუქის საქმის პოლიტიკური და სოციალური კონტექსტები და საქმეზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი უზრუნველყოს. „- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

7 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები, რომ ჩაბუქს ევროპული სტანდატების მქონე საპყრობილეში მოათავსებენ.

სამინისტროს სტატუსის მინიჭების თაობაზე ბრალდებულის ოჯახმა და ადვოკატმა მიმართეს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს. მას 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ჩაბუკის დაპატიმრება თურქულმა მხარემ ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოსთან სავარაუდო კავშირის გამო მოითხოვა. ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებში, რომელიც თურქული მხარისგან მიიღო, არ დასტურდება ჩაბუკის რაიმე კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ოჯახის წევრები ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევენ და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. 

მუსტაფა ჩაბუქი დემირელის სკოლის პარტნიორთა საბჭოს წევრია. ადვოკატის ინფორმაციით, ის 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, მათ შორის, ორი წელი - მუდმივად.

განცხადებას ხელს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

გაეროს ასოციაცია საქართველოში

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

კომენტარები