ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

FB კომენტარის გამო, ენმ-ის წევრმა ევროპული საქართველოს წევრს სილა გააწნა

Facebook/ Ani Tsitlidze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ანი წითლიძემ "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრს ირაკლი ღურწკაიას სილა გააწნა. ინფორმაციას ამის შესახებ, თავად ანი წითლიძე ადასტურებს. 

Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წითლიძე ამბობს, რომ ღურწკაიას მხრიდან სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, ის მასთან ზუგდიდში მდებარე ყვავილების მაღაზიაში მივიდა, ჯერ განმარტება სთხოვა, შემდეგ კი, ორჯერ გააწნა სილა. 

"ტაბულა" დაუკავშირდა ანი წითლიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ გუშინ უკვე გააკეთა კომენტარი და დამატებით არაფრის თქმას არ აპირებს. ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად რა სახის შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი ღურწკაიამ, გვიპასუხა, რომ თავად გადაგვემოწმებინა. 

"მე დაბლოკილი ვყავარ და არ ვიცი, ვერ ვნახულობ. მაგის გარკვევა თუ გჭირდებათ, თქვენ თვითონ მოძებნეთ და გაარკვიეთ, მე მაგასთან დაკავშირებით, არ ვაკეთებ კომენტარს,"- გვიპასუხა ანი წითლიძემ. 


ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი ღურწკაია კი, "ტაბულასთან" საუბრისას ყვება, რომ მას შემდეგ, რაც ქალაქ ზუგდიდის მერის კანდიდატად პარტიამ ლელა ქებურია წარადგინა, წითლიძე ხშირად ლანძღავდა ქებურიას, რასაც ღურწკაიამ მომხმარებელ Batlome Shelia-ს გვერდზე კომენტარით უპასუხა. ღურწკაია ყვება, რომ წითლიძე ჯერ კომენტარშივე დაემუქრა, შემდეგ კი მართლაც მივიდა მასთან მაღაზიაში.

"მომივარდა ჩემს სავაჭრო ობიექტში, გადმოვიდა შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ აგრესიაზე და მე იძულებული გავხდი, მისთვის ჩემი ობიექტი დამეტოვებინებინა,"- ყვება ღურწკაია.

სქრინი, რომლის გამოც, სავარაუდოდ, წითლიძემ ღურწკაიას სილა გააწნა

კომენტარი, სადაც ანი წითლიძე ირაკლი ღურწკაიას აფრთხილებს, რომ მასთან მაღაზიაში მივა
ფოტო: ირაკლი ღურწკაია

კომენტარები