გაზის ტარიფი

გაზის განახლებული ტარიფი მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი

pennystockresearch

გაზის განახლებული ტარიფი მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი. სემეკის ინფორმაციით, 17 ივლისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს.

18 ივლისს კი, კომისია განიხილავს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს.

სემეკ-ის ცნობით, ტარიფებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ საჯარო სხდომებზე და მათზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები ბოლოს 2005 წელს დადგინდა. იმის გამო, რომ 2005 წლის შემდეგ, ეკონომიკაში მრავალი რამ შეიცვალა, ტარიფის გაზრდა გამორიცხული არაა. 

"წელს მოხდება გაზის გამანაწილებელი კომპანიებისთვის სატარიფო რეგულირება. შესაბამისად, ამ კომპანიებისთვის ტარიფი გადაიხედება. ბუნებრივი აირის სექტორში სამომხმარებლო ტარიფების გადათვლა 2005 წლის შემდეგ აღარ განხორციელებულა. 10 წელია, გაზგამანაწილებელი კომპანიები ერთი და იმავე ტარიფით მუშაობენ", - ამბობს სემეკის წევრი გოჩა შონია.

ბუნებრივი აირის ტარიფში ცვლილებები 2013 წელსაც შევიდა, თუმცა ის ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებას ტარიფების შემცირება წარმოადგენდა, რისი შესრულების მიზნითაც 2013 წელს საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციამ გასაყიდი ბუნებრივი აირის ტარიფი შეამცირა, რაც სამომხმარებლო ტარიფზე 5 თეთრით აისახა. 

კომენტარები