ენერგეტიკის სამინისტრო

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა

energynews.ge

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა. ახალი მინისტრი პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა. პრემიერის თქმით, ელოშვილს სამინისტროს მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. 

„იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი, ასე, რომ მინისტრობის გამოცდილებაც აქვს და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და ამოცანებს. მას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორსა და საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. ილია მუშაობდა USAID-ისა და „ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამებში და ვფიქრობ, იქნება ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი“, - თქვა პრემიერმინისტრმა.

ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მოადგილე იყო. ენერგეტიკის მინისტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კახა კალაძე ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი გახდა.

კახა კალაძე პირველი ვიცეპრემიერის პოსტსაც იკავებდა, ამ პოსტზე მას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეცვლის. 

კომენტარები