ოკუპირებული ტერიტორიები

ინაშვილი: დუმის დეპუტატებთან შეხვედრაზე საქართველო-NATO-რუსეთის ფორმატი დაიგეგმა

ტაბულა

საპარლამენტო ფრაქციის "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე 11 ივლისს რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებს შეხვდნენ. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანი რუსეთთან რეალური დიალოგის დაწყება იყო. მისივე თქმით, შეხვედრაზე სამმხრივი ფორმატი საქართველო-NATO-რუსეთის ფორმატი დაიგეგმა.

"ამ შეხვედრაზე ახალი ინიციატივა გაჩნდა. ეს არის ინიციატივა შეიქმნას ფორმატი, სრულიად ნოვატორული - საქართველო-NATO-რუსეთი. მოგეხსენებათ რუსეთისთვის NATO წარმოადგენს საფრთხეს. ის მუდმივად ამბობს, რომ შესაძლოა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნას ჩემზე თავდასხმისთვის. ქართველმა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ NATO-სთან. რაც შეეხება თავდასხმას - საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული NATO-ს მხრიდან რუსეთზე და არც რომელიმე სხვა ქვეყანაზე თავდასხმისათვის",-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის თქმით, პარტიის წევრები 17 ივლისს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ, სადაც ისაუბრებენ შეხვედრის დეტალებზე.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები საქართველოში გუშინ, 12 ივლისს დაბრუნდნენ.

კომენტარები