ჩინეთი

ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში ლიუ სიაობო გარდაიცვალა

EPA

ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში ლიუ სიაობო 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში სიაობო, ციხეში იმყოფებოდა. ის სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, ციხიდან ჩინეთის საავადმყოფოში, ღვიძლის კიბოს გამო გადაიყვანეს.

ლიუ სიაობოს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნეოდა, რადგან ის რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთში მრავალპარტიულობის შექმნის იდეით გამოდიოდა. ლიუ სიაობო "ქარტია-08"-ის ერთ-ერთი ავტორი იყო. ქარტია ჩინეთის ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებდა. ქარტიას ხელს 350-ზე მეტ ჩინელ ინტელექტუალთან და უფლებადამცველთან ერთად, 10 000 ჩინეთის მოქალაქე აწერდა. ქარტია ოფიციალურად 2008 წლის 10 დეკემბერს გამოქვეყნდა, გამოქვეყნებამდე 2 დღით ადრე კი სიაობო დააკავეს. 2009 წლის 23 დეკემბერს მას 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ოფიციალურად ჩინეთის ხელისუფლება მას მთავრობის დამხობის მცდელობაში სდება ბრალს.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში სიაობომ 2010 წლის 8 ოქტომბერს მიიღო. პრემია მას ხანგრძლივი, არაძალადობრივი ბრძოლისთვის და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის მიენიჭა. 

ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება ჩინეთის მთავრობამ მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სიაობო ჩვეულებრივი დამნაშავეა, ხოლო კომიტეტის გადაწყვეტილება არღვევს პრემიის მინიჭების პრინციპებს და დააზარალებს ჩინეთ-ნორვეგიის ურთიერთობებს. უფლებადამცველს პრემიის აღების საშუალება არ მისცეს.

კომენტარები