ე.წ

არა ფობიას: "ქართველთა მარში" ხელს უწყობს ქსენოფობიური განწყობების გაძლიერებას

არა ფობიას!

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციები დღეს დაგეგმილ ე.წ. „ქართველთა მარშს“ ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას მიიღოს სათანადო ზომები, იმისათვის რომ უზრუნველყოს მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენა და თავიდან აიცილოს რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება.

„სანდრო ბრეგაძე, რომელიც ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით უმციერესობების ჯგუფების მიმართ და მის მიერ სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობისკენ მოწოდების გამო, არაერთხელ გამხდარა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი, ამჯერად საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობის გაღვივებას სააქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მაგალითით ცდილობს. მის მიერ გავრცელებულ მიმართვაშიასევე ვხვდებით ფსევდო-ეროვნულ სენტიმენტებს და მოსახლეობისადმი მოწოდებას მონაწილეობა მიიღონ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად ირანელი, არაბი, აფრიკელი და ა.შ. ადამიანების ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნით დაგეგმილ ე.წ. „ქართველთა მარშში“. აღსანიშნავია, რომ მარშს სხვა რადიკალური ულტრანაციონალისტური ჯგუფებიც შეუერთდნენ.“ - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში მცხოვრები უცხოელებისგან „მტრის ხატის“ შექმნა ხელს უწყობს საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაძლიერებას, ქვეყანაში არსებული მძლავრი რასისტული განწყობების ფონზე, რაც გარკვეულ წილად ხელისუფლების მიერაც არის წახალისებული. არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავრობას მიმართავენ და კონკრეტული ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებენ.  

„ე.წ. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები და მონაწილეები წარმოადგენენ რა რადიკალურ ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს და არსებობს მათგან აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის საფრთხე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- მიიღოს სათანადო ზომები მსვლელობისას სამართალდარღვევათა პრევენციისა და მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენის მიზნით,რათა თავიდან იქნას აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.

- მსვლელობის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოს ეფექტიანი პრევენციული ზომების მიღება ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან საქართველოში მყოფი უცხოელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფრაგმენტული ინციდენტების აღკვეთის მიზნით.

მთავრობას:

- ბოლო დროს რადიკალიზებული ულტრანაციონალისტური, ქსენოფობიური იდეების საწინააღმდეგოდ უზრუნველყოს ეფექტიანი საგანმანათლებლო/ინფორმაციული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის იდეეზე დაფუძნებულ დისკურსს გააძლიერებს და სხვადასხვა ჯგუფების მშვიდობიანითანაცხოვრების პირობებს შექმნის." - წერია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას 10 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

თანასწორობის მოძრაობა

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

იდენტობა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდი (ISFED)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

ე.წ "ქართველთა მარში" დღეს 14 ივლისს, არის დაგეგმილი. ე.წ მარშის გაცხადებული მიზანი ქვეყნის "არალეგალი იმიგრანტებისგან გასუფთავებაა".

კომენტარები